გერმანიის მმართველი კოალიციის რეიტინგი 2021 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია
ორი წლის წინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გერმანიაში მმართველი კოალიციის პოპულარობა ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა/
საზოგადოებრივი აზრის კვლევა სოციოლოგიურმა ინსტიტუტმა Insa-მ გამოაქვეყნა.
ხელისუფლებაში მყოფი სამი პარტიის რეიტინგი ჯამში მხოლოდ 38%-ია: ამომრჩეველთა 18% მზადაა ხმა მისცეს ოლაფ შოლცის სოციალ დემოკრატებს, 13% - ანალენა ბერბოკისა და რობერტ ჰაბეკის მწვანეებს და 7% - კრისტიან ლინდერის თავისუფალ დემოკრატებს.
2021 წლის ბუნდესტაგის არჩევნებზე მათ ბევრად დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ: სოციალ დემოკრატებს - 25.7%, მწვანეებს - 14.8% და თავისუფალ დემოკრატებს - 11.5%.
გამოკითხვის შედეგებით, გერმანიაში ყველაზე პოპულარული პარტია ქრისტიან დემოკრატიული კავშირია (CDU/CSU), რომელსაც მოქალაქეების 27% უჭერს მხარს.
პოპულარობით მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე პოპულისტური პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) - 21%.
ბოლო კვლევების თანახმად, გერმანელების უმეტესობა უკმაყოფილოა კანცლერ ოლაფ შოლცის მუშაობით.
გაზეთ Bild-ისთვის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტის INSA-ს მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გერმანიის მოქალაქეების თითქმის ორ მესამედს ქვეყნის სათავეში ახალი მთავრობის მოსვლა სურს.