გერმანიის პოლიციამ Nord Stream-ებზე მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო
გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის გაზსადენებზე დაზიანების გარემოებების გამოძიება დაიწყო. როგორც კვირას, 9 ოქტომბერს საჯარო იურიდიული მედია კომპანიები WDR და NDR, ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტში გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წერილის საფუძველზე აცხადებენ, ჩამოყალიბდა კვლევითი ჯგუფი, რომელშიც გერმანიის ფედერალური პოლიციის და ბუნდესვერის თანამშრომლები არიან დაშემთხვევის გამოსაკვლევად ბალტიის ზღვაში გაემგზავრნენ.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გერმანიის ფედერალური პოლიციის ხელმძღვანელმა დიტერ რომანმა გასულ კვირას გაუგზავნა თხოვნა ბუნდესვერს "დახმარების თაობაზე, რათა შეექმნა წარმოდგენა Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის გაზსადენების დაზიანების შესახებ."
"საზღვაო ძალების ამისთვის ხელმისაწვდომი რესურსების შეფასების და თავდაცვის სამინისტროს სამართლებრივი განხილვის შემდეგ, მოთხოვნა დაკმაყოფილდა." - ნათქვამია დოკუმენტში.
მისიაში გერმანიის საზღვაო ძალების ორი ხომალდი მონაწილეობს: ნაღმმტყორცნი Dillingen და მრავალფუნქციური ხომალდი Mittelgrund. 7 ოქტომბერს კილისა და ეკერნფორდეს საზღვაო ბაზებიდან ისინი ზღვაში გავიდნენ და დანიის კუნძულ ბორნჰოლმისკენ გაემართნენ - იმ ტერიტორიაზე, სადაც გაზსადენები დაზიანდა. ამ გემებზე მყვინთავები იმყოფებიან და საჭირო იქნება მილის დაზიანების დოკუმენტირება.
კონტექსტი
ამ დროისთვის ვარაუდობენ, რომ Nord Stream-ის მილების ოთხი დაზიანება დივერსიის შედეგია. თუმცა, კონკრეტულად ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი, უცნობია. ერთი კვირის წინ შვედეთის ხელისუფლებამ მომხდარის გარემოებათა გამოძიება დაიწყო და შემთხვევის ადგილზე წყალქვეშა ნავი გაგზავნა.
გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა 2 ოქტომბერს Bild am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ Nord Stream-ის დაზიანება შეიძლება იყოს სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგი, რომელიც შეიძლება გერმანიის გენერალურ პროკურატურამ გამოიძიოს.