გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი პოლონეთის მოთხოვნას რეპარაციების შესახებ უარყოფს

გერმანიის მთავრობის აზრით, მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური ოკუპაციის შედეგად ქვეყანას მიყენებული ზიანის გამო პოლონეთისთვის რეპარაციის ანაზღაურების საკითხი დახურულია. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა სამშაბათს, 4 ოქტომბერს, ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატეგორიულად უარყო პოლონეთის მოთხოვნა რეპარაციების შესახებ.

ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ "მარადიულ ამოცანად" რჩება გავიხსენოთ ის ტანჯვა, რომელიც გერმანიამ პოლონელებს მიაყენა.

"გერმანიას უდავოდ ეკისრება თავისი ისტორიული პასუხისმგებლობა", - თქვა ბერბოკმა.

ერთი დღით ადრე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ ხელი მოაწერა გერმანიის ნოტას რეპარაციის მოთხოვნით. მან აღნიშნა, რომ პოლონეთი დაჟინებით მოითხოვს, რომ მხარეებმა მოაგვარონ ოკუპაციასთან დაკავშირებული მატერიალური და არამატერიალური ზიანის ანაზღაურების საკითხი.

პოლონეთმა გერმანიისგან 1.3 ტრილიონი ევროს რეპარაციები მოითხოვა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ზვიგნევ რაუმ გამოთქვა მოსაზრება, რომ გერმანიის პოზიცია ამ საკითხზე "განვითარდება". მან აღნიშნა პოლონეთისა და გერმანიის ერთობლივი პასუხისმგებლობა წარსულ, დღევანდელ და მომავალ თაობებთან მიმართებაში.

სექტემბრის დასაწყისში პოლონეთის მმართველი პარტიის, "კანონი და სამართლიანობის" (PiS) ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ კომპენსაციის ოდენობა 1.3 ტრილიონ ევროდ შეაფასა. მისივე თქმით, ეს თანხა კონსერვატიულად არის გათვლილი და შეიძლება ბევრად მეტიც ყოფილიყო.

ამის საპასუხოდ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გერმანია ვერ ხედავს პოლონეთის მიერ მეორე მსოფლიო ომის ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის მიზეზს. მან გაიმეორა არგუმენტი, რომელზეც ბერლინმა უკვე არაერთხელ თქვა: პოლონეთმა შემდგომ რეპარაციაზე უარი ჯერ კიდევ 1953 წელს თქვა და ეს არაერთხელ დაადასტურა.

2017 წლის სექტემბერში, გერმანიის მთავრობის მაშინდელმა სპიკერმა შტეფენ ზაიბერტმა აღნიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების "წარმოუდგენელ დანაშაულებზე" პასუხისმგებელმა ბერლინმა უკვე გადაუხადა რეპარაციები პოლონეთს. 

მსგავსი სიახლეები