გერმანიის თავდაცვის მინისტრი სტოლტენბერგის ვადის გაგრძელებას მხარს უჭერს
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგის ვადის გაგრძელების მომხრეა.
"თუ ალიანსი ვერ მიაღწევს კონსენსუსს ამჟამინდელი გენერალური მდივნის მემკვიდრის კანდიდატურაზე, მაშინ მე რა თქმა უნდა მხარს ვუჭერ მისი ვადის გაგრძელებას, მით უმეტეს, რომ ვაფასებ მასთან თანამშრომლობას," - განაცხადა გერმანელმა მინისტრმა ნატოს შტაბ-ბინაში.
პისტორიუსი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნის პირველი მაღალი რანგის წარმომადგენელია, რომელმაც ღიად ისაუბრა ნატოს სათავეში სტოლტენბერგის დარჩენაზე. მან დაადასტურა, რომ 11-12 ივლისს, ნატოს ვილნიუსის სამიტზე ალიანსის ქვეყნების მეთაურები, სავარაუდოდ, სტოლტენბერგს სთხოვენ ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე 2024 წლის ზაფხულის საიუბილეო სამიტამდე დარჩეს.
მანამდე იენს სტოლტენბერგმა განაცხადა: "რაც შეეხება ჩემს მემკვიდრეს, ეს საკითხი გაერთიანების 31-მა სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს."
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ნატოს ქვეყნებმა სტოლტენბერგს სთხოვეს ნატოს გენერალური მდივანის თანამდებობაზე დარჩენილიყო.
ნატოს წევრებმა ჯერ ვერ მიაღწიეს კონსენსუსს 64 წლის იენს სტოლტენბერგის მემკვიდრის კანდიდატურაზე. ბოლო დროს შესაძლო ვარიანტად დანიის პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიკსენის კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა მას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მხარს არ უჭერენ.