პისტორიუსი უკრაინის მიერ რუსეთის დაბომბვას დასაშვებად მიიჩნევს
"სრულიად ნორმალურია" უკრაინის მიერ ომისას მტრის ტერიტორიაზე მოქმედება, მაგალითად, მისი მომარაგების ხაზების გაწყვეტა. ეს მოსაზრება გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 20 აპრილის საღამოს, ZDF-ის ეთერში გამოთქვა.
"სანამ ქალაქებს, სამოქალაქო პირებს, სამოქალაქო ობიექტებს არ დაესხმებიან თავს, ამასთან შეგუება მოუწევთ. ეს უნდა მოხდეს, მაგალითად, მიწოდების ხაზების გაწყვეტა", - თქვა პისტორიუსმა.
უკრაინისთვის იარაღის შემდგომი მიწოდების პერსპექტივების კომენტირებისას მან აღნიშნა, რომ ამ საკითხში დასავლეთმა უნდა გაითვალისწინოს "როგორ მიმდინარეობს ეს ომი."
"თუ უკრაინა მოითხოვს გარკვეული ტიპის ბომბებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში აკრძალულია, მაშინ უარი უნდა ვუთხრათ", - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. უკრაინამ დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდა მას კასეტური და ფოსფორიანი საბრძოლო მასალა გადასცენ, რომელიც საერთაშორისო შეთანხმებებით აკრძალულია.
უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობის შეფასებისას, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ამაზე გადაწყვეტილება მხოლოდ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის დასრულების შემდეგ შეიძლება მიიღონ.
მისი თქმით, კიევისთვის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის კარი ოდნავ გაიღო, "მაგრამ ახლა არ არის ასეთი გადაწყვეტილებების მიღების დრო".