გერმანული დაზვერვა: რუსეთს კიდევ 1 მილიონი ადამიანის მობილიზება შეუძლია

უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის რუსეთს მილიონამდე ჯარისკაცის მობილიზება შეუძლია. ეს შეფასება გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (BND) ხელმძღვანელმა ბრუნო კალმა Redaktionsnetzwerk Deutschland-თან ინტერვიუში გააკეთა, რომელიც 22 თებერვალს გამოქვეყნდა.

კალის თქმით, 2022 წლის შემოდგომაზე დაახლოებით 300 000 ადამიანის მობილიზება მოხდა, ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ გადის წვრთნას, ნაწილი კი უკვე გაგზავნილია ბრძოლის ველზე.

"რუსეთის შემდგომი მობილიზაციის პოტენციალი არის მილიონამდე ადამიანის რეზერვი, თუ კრემლი ამას საჭიროდ ჩათვლის", - განაცხადა BND-ის ხელმძღვანელმა.

კალის მოსაზრებით, პუტინი მზად არ არის მოლაპარაკებებისთვის. ამჟამად პუტინი ბრძოლის ველზე რაც შეიძლება დიდი უპირატესობის მოპოვებას ცდილობს, რათა მომავალში საკუთარი პირობებით მშვიდობას მიაღწიოს.

BND-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ომი მრავალი ასპექტით სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა იმისგან, რაც მოსკოვში, კიევსა და დასავლეთში სჯეროდათ. მისი თქმით, თავიდან რუსეთს სჯეროდა, რომ მეზობელ ქვეყანაზე კონტროლის დამყარება მცირე რაოდენობით "ზუსტი სამხედრო, საკმაოდ სიმბოლური და დემონსტრაციული ქმედებებით" შეეძლო. თუმცა ეს ვერ მოხერხდა, რამაც უკრაინულ მხარეს მნიშვნელოვანი სიტუაციური უპირატესობა მისცა.

მისი თქმით, რუსეთის არმიამ თავისი რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება ბევრად მოგვიანებით შეძლო.

გერმანიის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უკრაინის არმია კვლავ ახერხებს ეფექტურად დაიცვას თავი რუსეთის ფედერაციის უფრო მრავალრიცხოვანი ძალებისგან, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, უკრაინული მხარის წარმატება დამოკიდებულია დასავლეთის ურყევ მხარდაჭერაზე.

მსგავსი სიახლეები