გერმანული გამანადგურებლები სლოვაკეთის ცას დაიცავენ

გერმანიის საჰაერო ძალები ნატოს წევრი ქვეყნების ჯგუფს უერთდება, რომლებიც სლოვაკეთის საჰაერო სივრცის დაცვაზე შეთანხმდნენ.

ამ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

ამ მიზნით სლოვაკეთის საჰაერო სივრცეში 22 დეკემბრამდე ე.წ დამცავი ფრენები განხორციელდება.

ზემო ბავარიაში დისლოცირებული გერმანიის საჰაერო ძალების 74-ე ტაქტიკური ესკადრილიის ორი საბრძოლო თვითმფრინავი Eurofighter მუდმივად იქნება მზადყოფნაში, რათა გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში სლოვაკეთის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი ან მტრის ობიექტები გაანადგუროს.

გარდა ამისა, დაგეგმილია სასწავლო ფრენები სლოვაკეთის თავზე და დაშვება სლოვაკეთის აეროდრომებზე.

მიმდინარე წლის მარტში სლოვაკეთმა უკრაინას თავისი MiG-29 გამანადგურებლები გადასცა, რის გამოც მას უკვე აღარ შეუძლია დამოუკიდებლად დაიცვას თავისი საჰაერო სივრცე. ამ ამოცანას მისი მეზობლები - პოლონეთი, ჩეხეთი და უნგრეთი ასრულებენ, ახლა კი მათ გერმანია შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები