გერმანული ტექნიკის სანაცვლოდ: სლოვენია უკრაინას საბჭოთა ტანკებს გადასცემს
სლოვენია უკრაინას დიდი რაოდენობით საბჭოთა წარმოების ტანკებს T-72-ს გადასცემს, სანაცვლოდ კი გერმანიისგან ჯავშანმანქანებს - Marder-ს და Fuch-ს მიიღებს.
ინფორმაციას ამის შესახებ Tagesspiegel ავრცელებს.
ცნობილია, რომ ამ ტიპის ტანკები უკრაინას უკვე აქვს შეიარაღებაში და აქტიურად იყენებს მას რუსეთის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, აღარ იქნება საჭირო უკრაინელი სამხედროების ხელახლა გაწვრთნა.
საინფორმაციო პორტალ DPA-ს ცნობით, სლოვენიამ თავისი ტანკების უკრაინისთვის გადაცემის სანაცვლოდ გერმანიისგან უფრო თანამედროვე ტანკები მოითხოვა. საუბარია ტანკ Leopard 2, ჯავშანტრანსპორტიორ Boxer-ზე და ქვეითების ჯავშანმანქანა Puma-ზე.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას ფინანსურად დაეხმარება ახალი იარაღის შესაძენად.
შოლცის თქმით, ბუნდესვერის განკარგულებაში თითქმის აღარ დარჩა შეიარაღება, რომლის უკრაინისთვის გადაცემა არის შესაძლებელი. ფედერალური კანცლერს არ დაუდასტურებია რომ გერმანია უკრაინას მძიმე შეიარაღებას მიაწვდის.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ გერმანია თავდაცვის მიმდინარე წლის ბიუჯეტს 2 მილიარდი ევროთი ზრდიდა, საიდანაც 1.4 მილიარდი უკრაინის შეიარაღებაზე დაიხარჯებოდა.