ღაზაში ჰამასის ლიდერმა გვირაბებში მძევლების ჯგუფი მოინახულა

ღაზაში ჰამასის ლიდერმა იაჰია სინვარმა რამდენიმე ისრაელელი მძევალი მოინახულა, რომლებიც მიწისქვეშა გვირაბში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ისრაელის მე-12 არხი წერს.

შაბათ-კვირას გათავისუფლებული ერთ-ერთი მძევალი ამბობს, რომ სინვარმა მათთან ებრაულად, აქცენტის გარეშე ისაუბრა და უთხრა, რომ ისინი ჰამასთან უსაფრთხოდ იყვნენ და არ შეშინებოდათ.

ამ ინფორმაციას ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებიც ადასტურებენ.

ვინ არის იაჰია სინვარი

იაჰია სინვარი 2017 წლიდან ჰამასის ლიდერია ღაზას სექტორში. ისრაელის ხელისუფლება 7 ოქტომბრის ტერორსტული თავდასხმის ავტორად მას ასახელებს.

1989 წელს ორი ისრაელელი ჯარისკაცისა და ოთხი პალესტინელის გატაცებისა და მკვლელობისთვის, რომლებიც მას კოლაბორაციონისტებად მიაჩნდა, ისრაელმა სინვარს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 

ის ციხეში 22 წელი იჯდა და გაქცევა რამდენიმეჯერ წარუმატებლად სცადა. ივირითი მან სწორედ ციხეში ისწავლა.

2008 წელს, ციხეში ყოფნისას მას ისრაელელმა ექიმებმა ოპერაცია გაუკეთეს და ტვინიდან სიმსივნე ამოკვეთეს.

2011 წელს, ისრაელმა ერთ სამხედროში, გილად შალიტში 1026 პალესტინელი გაცვალა, მათ შორის, სინვარი ყველაზე მაღალჩინოსანი ტერორისტი იყო.

ისრაელის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ის ხან იუნისში მიწისქვეშა ბუნკერშია.

მსგავსი სიახლეები