ГКЧП-ს შემდეგ პირველად რუსეთში თავი მოიკლა ფედერალურმა მინისტრმა

რუსეთის ტრანსპორტის ყოფილმა მინისტრმა, რომან სტარავოიტმა სიცოცხლე თვიმკვლელობით დაასრულა - ეს ფედერალური მინისტრის თვითმკვლელობის პირველი შემთხვევაა რუსეთის ისტორიაში 1991 წლის ე.წ. ГКЧП-ის პუტჩის შემდეგ.
State Of Play: სტარავოიტის თვიმთკვლელობის ვერსიას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს, უწყების ცნობით, ცხედარი ოდინცოვოს რაიონში მინისტრის კუთვნილ ავტომობილში აღმოაჩინეს.
- თუმცა რუსეთის ძალოვან უწყებებთან დაკავშირებული ტელეგრამ არხების ცნობით, სტარავოიტმა თავი საკუთარ სახლში მოიკლა.
- ცოტა ხნის წინ გავრცელებულ კადრებში სტარავოიტის ავტომობილი ჩანს, თუმცა მანქანა ცარიელია, ხოლო ცხედარი რამდენიმე მეტრში, ბუჩქებს შორის აღმოაჩინეს.
- ჯერჯერობით გაურკვეველია სტარავოიტის გარდაცვალების დროც, რუსული მედიების ცნობით, სტარავოიტმა თავი 5 ივლისს მოიკლა - ამაზე მეტყველებს დუმის თადაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ანდრეი კარტაპოლოვის კომენტარიც, რომლის თქმითაც, "შემთხვევა კარგა ხნის წინ მოხდა."
- წყაროების ცნობით, სტარავოიტმა თავი შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ 2023 წელს ნაჩუქარი პისტოლეტით მოიკლა.
Big Picture: პირველადი ვერსიით, სტარავოიტის თვითმკვლელობა შესაძლოა სისხლს სამართლის საქმეს უკაშირდებოდეს - ტრანსპორტის მინისტრობამდე სტარავოიტი კურსკის ოლქის გუბერნატორად მუშაობდა.
- საქმე თაღლითობისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების მითვისების შესახებ 2024 წლის მიწურულს აღიძრა - საუბარია კურსკის ოლქში უკრაინასთან სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობისთვის გამოყოფილ დაფინანსებაზე.
- რუსული მედიის ცნობით, სტარავოიტის წინააღმდეგ ჩვენება მისცა მისმა შემცვლელმა გუბერნატორის პოსტზე ალექსეი სმივრნოვმა და კურსკის ოლქის განვითარების კორპორაციის დირექტორმა, ვლადიმირ ლუკინმა.
- მიმდინარე წლის 25 აპრილს იმავე საქმის ფარგლებში დააპატიმრეს სტარავოიტის ყოფილი მოადგილე გუბერნატორობისას ალექსეი სმირნოვი.
Break It Down: ტრანსპორტის მინისტრის პოსტიდან სტარავოიტის გათავისუფლების ბრძანებას ხელი ვლადიმირ პუტინმა დღეს დილით მოაწერა - ჯერჯერობით უცნობია იყო თუ არა ცოცხალი სტარავოიტი ამ მომენტში.
- კრემლში უკომენტაროდ დატოვეს სტარავოიტის თანამდებობიდან გადაყენების გარემოებები და მიზეზები.
- ჯერ კიდევ 2 ივლისს სტარავოიტი სიტყვით გამოვიდა ვლადიმირ პუტინის ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის სხდომაზე.
- ბოლო ოფიციალური პირადი შეხვედრა ვლადიმირ პუტინსა და სტარავოიტს შორის მიმდინარე წლის 30 იანვარს შედგა.
Context: რუსეთის უახლოეს ისტორიაში ფედერალური მინისტრის დონის ჩინოვნიკის მიერ თვითმკვლელობის ბოლო შემთხვევა სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (KGB) მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, ე.წ. ГКЧП-ს მოჰყვა.
- 22 აგვისტოს პუტჩის ჩავარდნის შემდეგ საკუთარ ბინაში თავი მოიკლა ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბორის პუგომ.
- მომდევნო თვეებში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა პუტჩის კიდევ ოთხმა მონაწილემ.