გრომოვი: რუსეთის მიერ გასროლილი რაკეტების 30% სამოქალაქო ობიექტებს მოხვდა
გასული კვირის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ყველა სარაკეტო დარტყმის დაახლოებით მესამედი სამოქალაქო ობიექტებზე იყო. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილე ოლექსი გრომოვმა განაცხადა.
"ერთ კვირაში ჩვენ მოვიგერეთ მტრის ყველა შეტევა, უკრაინული მიწის ერთი მეტრიც არ დაკარგულა. თუმცა, მტერი განაგრძობს სარაკეტო დარტყმებს უკრაინის ტერიტორიაზე. კვირის განმავლობაში, მტრის სარაკეტო დარტყმების თითქმის 30% სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მოდიოდა. ეს მოწმობს, რომ რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა მიზანმიმართულ გენოციდს უწყობს უკრაინელ ხალხს", - განაცხადა მან.
გრომოვის თქმით, ოკუპანტებმა გასულ კვირასთან შედარებით თითქმის 1.5-ჯერ გაზარდეს უკრაინაზე საჰაერო იერიშების რაოდენობა - 70-დან 118-მდე.
"გასულ კვირას მტერი ყოველდღიურად ახორციელებდა შვიდიდან 12-მდე საჰაერო დარტყმას და მხოლოდ 8 და 9 ივლისს რუსულმა ავიაციამ 58 დარტყმა განახორციელა. გუშინწინ, 12 ივლისს - 30. ძირითადად, მტერი დონეცკში ზაპოროჟიესა და ხარკოვის რეგიონების ობიექტებს ბომბავდა", - განაცხადა მან.