Guardian: აშშ სთავაზობს ირანს გამდიდრებული ურანის მარაგები რუსეთს გადასცეს

რუსეთი შესაძლოა გაცილებით უფრო მეტად იყოს ჩართული ვაშიგნტონსა და თეირანს შორის დაწყებულ ბირთვულ მოლაპარაკებებში, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს - 12 აპრილს, ომანში გამართულ შეხვედრაზე ამერიკამ ირანს შესთავაზა მის ხელთ არსებულ გამდიდრებული ურანის მარაგი რუსეთს გადასცეს. 

State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით The Guardian ავრცელებს.  წყაროს ცნობით, სწორედ ეს წინადადება გახდა გადაულახავი წინააღმდეგობის საკითხი მასკატში გამართულ შეხვედრაზე. 

  • გაზეთის ცნობით, შეხვედრა ძირითადად მედიატორების მეშვეობით მიმდინარეობდა, თუმცა იყო პირდაპირი კომუნიკაციის მომენტებიც - აშშ-ს შეხვედრაზე სტივ უიტკოფი წარმოადგენდა, ხოლო ირანს, საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაგჩი. 

  • გაზეთის წყაროს ცნობით, ირანი არ აპირებს გამდიდრებული ურანის მარაგები რუსეთს გადასცეს - თეირანი მზად არის მარაგები საერთაშორისო ბირთვული სააგენტოს მონიტორინგის ქვეშ შეინახოს, ურანის მარაგებს ირანის ხელმძღვანელობა სტრატეგიულ დაზღვევად აფასებს, იმ შემთხვევაში თუ აშშ კიდევ ერთხელ გადაწყვეტს დატოვოს ბირთვული შეთანხმება. 

Big Picture: მასკატში გამართულ მოლაპარაკებები ორივე მხარემ კონსტრუქციულად შეაფასა - სავარაუდოა, რომ მომდევნო შეხვედრა რომში გაიმართება, ტრამპის ადმინისტრაციის ცნობით, მოლაპარაკებები პირდაპირი იქნება და შუამავლების გარეშე ჩაივლის. 

  • მოლაპარაკებების დაწყების წინ უძღოდა დონალდ ტრამპის მუქარები ირანის მიმართ, რომელიც სპარსეთის ყურესა და რეგიონში აშშ-ს უპრეცედენტოდ მაღალი სამხედრო კონცენტრაციის ფონზე ისმოდა. 

  • თავდაპირველად ირანის უმაღლესი ლიდერი ეწინააღმდეგებოდა მოლაპარაკებებს, თუმცა დასავლური მედიის ცნობით, გადაწყვეტილება მრჩეველებმა შეაცვლევინეს. 

Context: დასავლური წყაროების ცნობით, ირანს უკვე აქვს 60%-ით გამდიდრებული ურანის მარაგი, რაც 6 ატომური ბომბის შესაქმნელად იქნება საკმარისი. ტრამპის პოზიციაა, რომ ირანს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი და თეირანისგან ბირთვული პროგრამის სრულად შეჩერებას მოითხოვს. 

  • ირანი მზად არის დათმობებისთვის, თუმცა არა ე.წ. ლიბიურ სცენარზე, რომელიც ბირთვული პროგრამის სრულად დახურვას გულისხმობს, სანაცვლოდ ირანი დაწესებული სანქციების შემსუბუქებას ითხოვს. 

  • ტრამპსა და პუტინს შორის გამართული პირველი სატელეფონო საუბრის შემდეგ Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ამერიკელმა პრეზიდენტმა პუტინს სთხოვა ყოფილიყო შუამავალი ირანთან მოლაპარაკებებში - წყაროს ცნობით, პუტინი დათანხმდა თხოვნას. 

  • უკვე მეორე სატელეფონო საუბრის შემდეგ, თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამი იყო, რომ ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ირანს არასოდეს უნდა ჰქონდეს ისრაელის განადგურების საშუალება. 

Go Deeper: ტრამპი ირანთან პირდაპირ ბირთვულ მოლაპარაკებებს აანონსებს

მსგავსი სიახლეები