სეპარატისტებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ექვსჯერ დაარღვიეს
13 თებერვალს, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა დონბასში ექვსჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბი იუწყება.
კერძოდ, პრორუსმა მებრძოლებმა კატერინივკას მახლობლად დამონტაჟებული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებიდან ისროლეს. ამასთანავე, ოკუპანტებმა უკრაინულ პოზიციებს ავტომატური ყუმბარმტყორცნებიდან და მცირე იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. ვოდიანის მიდამოებში რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა გამოიყენეს 120 მმ-იანი ნაღმტყორცნები.
გარდა ამისა, დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებში დაფიქსირდა ორი უპილოტო საფრენი აპარატი, სავარაუდოდ - Orlan-10.
"უკრაინელმა სამხედროებმა, მინსკის შეთანხმებებით აკრძალული იარაღის გამოყენების გარეშე, საპასუხო ცეცხლი გახსნეს და მტერი აიძულეს სროლა შეეწყვიტათ." - ნათქვამია მოხსენებაში.