ჰაბეკი: გერმანია იარაღის მიწოდებაზე უკრაინის ყველა სურვილს ვერ შეასრულებს
გერმანია ვერ შეასრულებს უკრაინის ყველა სურვილს სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის ფედერალურმა მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა Welt Am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც 28 მაისს გამოქვეყნდა.
მან აღნიშნა, რომ ახლა უკრაინელ სამხედროებს წვრთნიან Panzerhaubitze 2000 თვითმავალ ჰაუბიცებზე, ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე საარტილერიო მოწყობილობაზე.
"ამას სჭირდება მომზადება. თავად უკრაინა ამბობს, რომ ამისათვის მის ჯარისკაცებს სჭირდებათ სრული წვრთნა. გერმანია მალე მიაწოდებს ამ იარაღს უკრაინას. სულაც არ არის ისე, რომ გერმანია არაფერს აწვდის ან ძალიან ცოტას აწვდის. მართალია ბერლინი ვერ შეასრულებს უკრაინის ყველა სურვილს, ეს ქმნის გარკვეულ დაძაბულობას", - განაცხადა მან.
მისი თქმით, ბრალდება, რომ გერმანია ძალიან ცოტას აკეთებს, არასწორია.
"ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ, როგორც ევროკავშირის უმსხვილესი ეკონომიკა, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლისგანაც ხალხი სამართლიანად ბევრს ელოდება და ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში გერმანიას ჰქონდა ძალიან არაკრიტიკული ურთიერთობა რუსეთის მთავრობასთან. ავაშენეთ Nord Stream 2 ყირიმის ანექსიისა და ჩვენი აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორების გაფრთხილებების მიუხედავად. ამას აქვს ეფექტი. დღეს ჩვენ იმ ვალების წინაშე ვდგავართ, რომლებიც წარსულში დავაგროვეთ", - განაცხადა პოლიტიკოსმა.