ჰაბეკი: გერმანიამ უკრაინას იარაღი ძალიან გვიან მიაწოდა
გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა და მწვანეთა პარტიის თანათავმჯდომარემ, რობერტ ჰაბეკმა გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ნელა მიწოდებას "შეცდომა" უწოდა.
ამის შესახებ მან ARD-ს ჟურნალისტთან, კარენ მიოსგასთან ინტერვიუში 24 ნოემბერს განაცხადა.
მწვანეთა პარტიიდან გერმანიის კანცლერობის კანდიდატმა გაიხსენა გერმანიის მთავრობის ყოყმანი კიევისთვის Leopard-ის ტანკების მიწოდების საკითხში. მისი თქმით, ახლა იგივე ხდება უკრაინისთვის TAURUS-ის რაკეტების გადაცემის შესახებ.
ამავდროულად, რობერტ ჰაბეკმა შეაქო გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ვლადიმერ პუტინთან ტელეფონით საუბრის გამო. მან გაიზიარა მოსაზრება, რომ შეთანხმების მიღწევა მხოლოდ ოპონენტებთან კონფლიქტის განხილვითაა შესაძლებელი.
23 ნოემბერს, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ გერმანიას მოუწოდა უკრაინას TAURUS-ის რაკეტების რაც შეიძლება მალე გადასცეს.
ოლაფ შოლცი დიდი ხანია უარს ამბობს TAURUS-ების მიწოდებაზე. ის შიშობს, რომ ამ გადაწყვეტილებამ გერმანია შეიძლება პირდაპირ ჩაითრიოს რუსეთისა და უკრაინის ომში.
იმავდროულად, თავისუფალი დემოკრატები, მწვანეები და ქრისტიან-დემოკრატები უკრაინისთვის ასეთი რაკეტების მიწოდებას მხარს უჭერენ.
ამ საკითხზე დისკუსია ბოლო დღეებში, მას შემდეგ გააქტიურდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას ნება დართო, ამერიკული ATACMS-ის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე გამოეყენებინა, რომელთა მოქმედების მანძილიც 300 კმ-მდეა, TAURUS-ის მოქმედების რადიუსი კი 500 კმ-ია.