ჰამასის ლიდერი ღაზას ჩრდილოეთიდან სამხრეთში ჰუმანიტარული კოლონით გაიქცა - Kan
ჰამასის ლიდერმა იაჰია სინვარმა ომის დაწყებისას ღაზას ჩრდილოეთი ჰუმანიტარული კოლონით დატოვა, რომელიც სამხრეთისკენ მიემართებოდა.
ამ ინფორმაციას ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელი (Kan) ისრაელის მთავრობაში ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სინვარი ქალაქ ღაზადან გაიქცა და სამხრეთ ღაზას ქალაქ ხან იუნისისკენ მანქანით წავიდა, რომელიც "ჰუმანიტარული საფარით" გადაადგილდებოდა. წყარომ განაცხადა, რომ მანქანის შესახებ უფრო ზუსტი დეტალების გამოქვეყნება ამ ეტაპზე აკრძალულია.
Kan-ის ცნობით, ისრაელის შეფასებით, სინვარი ჯერ კიდევ ხან იუნისის ერთ-ერთ გვირაბშია.
ვინ არის იაჰია სინვარი
იაჰია სინვარი 2017 წლიდან ჰამასის ლიდერია ღაზას სექტორში. ისრაელის ხელისუფლება 7 ოქტომბრის ტერორსტული თავდასხმის ავტორად მას ასახელებს.
1989 წელს ორი ისრაელელი ჯარისკაცისა და ოთხი პალესტინელის გატაცებისა და მკვლელობისთვის, რომლებიც მას კოლაბორაციონისტებად მიაჩნდა, ისრაელმა სინვარს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
ის ციხეში 22 წელი იჯდა და გაქცევა რამდენიმეჯერ წარუმატებლად სცადა. ციხეში მან ივირითი ისწავლა.
2008 წელს მას ისრაელელმა ექიმებმა ოპერაცია გაუკეთეს და ტვინიდან სიმსივნე ამოკვეთეს.
იაჰია სინვარი 2011 წელს გათავისუფლდა, როდესაც ისრაელმა ერთ სამხედროში, გილად შალიტში 1026 პალესტინელი გაცვალა.