იაპონია რუსეთში საქონლის ექსპორტის აკრძალვას ამკაცრებს
9 აგვისტოდან იაპონია რუსეთის ფედერაციაში 1.9 ლიტრზე მეტი ძრავის მქონე მანქანების, ჰიბრიდული და ელექტრომობილების ექსპორტს აკრძალავს.
აკრძალვა ასევე მოიცავს იახტების, მატარებლების, ლითონისა და მინის ნაწარმისა და ქსოვილების რუსეთში ექსპორტს.
ამ ინფორმაციას იაპონიის ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
"უკრაინაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ისევე როგორც საერთაშორისო ძალისხმევის ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო მშვიდობის შესანარჩუნებლად მიღებული ზომების შინაარსიდან გამომდინარე, მინისტრთა კაბინეტმა პარასკევს, 2023 წლის 28 ივლისს, დაამტკიცა ნაწილობრივი ცვლილება საექსპორტო ვაჭრობის საკონტროლო ორდერში, რათა შემოიღოს რუსეთში ექსპორტის აკრძალვის ზომები. ახალი ზომები 2023 წლის 9 აგვისტოს ოთხშაბათიდან ამოქმედდება." - აცხადებს სამინისტრო.
რუსეთის ფედერაციაში აკრძალული საექსპორტო პროდუქციის სავარაუდო სია მოიცავს მანქანებს და მათთვის სათადარიგო ნაწილებს, კერძოდ, 1.9 ლიტრზე მეტი მოცულობის ბენზინისა და დიზელის ძრავების, ჰიბრიდული და ელექტრო მანქანები.
აკრძალული საქონლის საბოლოო სია 2 აგვისტომდე იქნება წარმოდგენილი. ახლა ის მოიცავს:
- ქიმიური და სხვა ნივთიერებები, კერძოდ - წყალბადის ზეჟანგი, საღებავები და პიგმენტები, საბეჭდი მელანი, ზეთები, საშუალებები ტექსტილის ბოჭკოების, ტყავის, ბეწვის და სხვა მასალების დასამუშავებლად, მოდიფიცირებული სახამებელი და წებო;
- ფოტოგრაფიული ან კინო მასალები;
- პროდუქტები ქიმიური მრეწველობისთვის - რეაგენტები, კატალიზატორები, რეაქციის ამაჩქარებლები;
- პლასტმასი და მათგან მიღებული პროდუქტები;
- რეზინი და რეზინის პროდუქტები (საბურავები დიდი მანქანებისთვის);
- ხე და მისგან დამზადებული პროდუქტები, მათ შორის ავეჯი;
- ნატურალური და კომპოზიტური კორპი და მისგან მიღებული პროდუქტები;
- მაკულატურა, ქაღალდი, მუყაო და მუყაოს პროდუქტები;
- ბამბა და ბამბის ქსოვილი, ხელოვნური ბოჭკოვანი და მისგან მიღებული ქსოვილები;
- ქვა, თაბაშირი, ცემენტი, აზბესტი, მიკა, ასფალტი და სხვა მსგავსი მასალები;
- კერამიკა, მინა და მინის ნაწარმი;
- ელექტრო მოწყობილობები და მათი ნაწილები;
- სარკინიგზო ლოკომოტივები, სატრანსპორტო საშუალებები, ელექტრო და დიზელის ლოკომოტივები, იახტები, გასართობი ან სპორტული ნავები.
2022 წლის აპრილიდან იაპონიიდან რუსეთში იმ მანქანების ექსპორტი აიკრძალა, რომელთა ღირებულებაც 6 მილიონ იენზე მეტია (44 100 ევროს ექვივალენტი).