იარაღების ოლიგარქები, ტენდერის მეფეები და ოთარ ფარცხალაძე - ვინ მოხვდა სიაში

გუშინ, 14 სექტემბერს აშშ-ს ხაზინამ სანქცირებული პირებისა და კომპანიების ახალი სია გამოაქვეყნა - სანქციები დაუწესდათ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს რამდენიმე ქვეყნიდან რუსეთის თავდაცვის სექტორთან ჩრდილოვანი ვაჭრობის გამო. 

"ჩვენი ქმედებები აჩვენებს გლობალურ წვდომას დავსაჯოთ პუტინის ოლიგარქები",- განაცხადა აშშ-ს ხაზის მდივანმა, ჯანეტ იელენმა საკითხის კომენტირებისას. 

რუსეთის გარდა ახალ სიაში მოხვდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები თურქეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, ფინეთიდან და მათ შორის საქართველოდან. 

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მიმდინარე წელს მიერ სანქცირებული საქართველოს უკვე მეხუთე მოქალაქეა, თუმცა ირკვევა, რომ ფარცხალაძეს საქართველოს გარდა, რუსეთის მოქალაქეობაც აქვს. 

უშუალოდ ფარცხალაძის სანქცირების მიზეზებზე ოფიციალურ პრეს-რელიზში ბევრი არაფერია ნათქვამი, თუმცა სიის გაცნობის შემდეგ ამ მიზეზებზე შესაძლოა გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნას. 

სანქციები ჯამურად 100-მდე ფიზიკურ და 50 იურიდიულ პირს დაუწესდა, მათ შორის არიან რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის მაღალჩინოსნები, უკრაინის წინააღმდეგ ომის დამფინანსებლები და ვაგნერის მაღალჩინოსნები. 

ომის დამფინანსებელი - იგორ ალტუშკინი 

იგორ ალექსეევიჩ ალტუშკინი რუსული Forbes-ის სიის მონაწილე და რუსეთის სპილენძის კომპანიის დამფუძნებელია. Moscow Times-ის ცნობით, ალტუშკინი სრულად აფინანსებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალ მოიერიშე ბატალიონ Урал-ს. გავრცელებული ცნობების მიხედვით, ბატალიონი ლუჰანსკის ოკუპირებულ ტერიტორიებზეა განლაგებული. 

გამოცემის ცნობით, ალტუშკინმა ბატალიონის ჩამოყალიბება გასული წლის სექტემბერში ვლადიმირ პუტინისა და ბიზნესმენების დახურული შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტა. წყაროს ცნობით, შეხვედრაზე ბიზნესმენებს შესთავაზეს "მოხალისეობრივ საწყისებზე" საკუთარ თავზე აეღოთ თითო ბატალიონის შეიარაღება და ფინანსირება. 

იარაღის ოლიგარქი - მკრტიჩ ოქროიანი

მკრტიჩ ოქროიანი საავიაციო სამეცნიერო-ტექნიკური გაერთიანება Союз-ის მთავარი კონსტრუქტორია. თავად გაერთიანება რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის შემადგენლობაში შედის, რომელიც გაზო-ტურბინულ საავიაციო ძრავებს აწარმოებს. 

ორგანიზაციის მიერ წარმოებული ძრავები გამოიყენება რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების არაერთ აპარატზე, მათ შორის სტრატეგიული დანიშნულების რაკეტებზე (X-101, X-55 და სხვები). სწორედ ოქროიანის ბიურო აწარმოებს ძრავებს Калибр-ის ტიპის რაკეტებისთვის, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული სისტემაა. 

სანქციები დაუწესდათ ოქროიანის ოჯახის წევრებს: ცოლსა და ვაჟს. 

ტენდერის მეფეები - მახმუდოვი და ბოკარევი

ანდრეი რომოვიჩ ბოკარევი სააქციო საზოგადოება Трансмашхолдинг-ისა და Кузбассразрезуголь-ის მმართველი კომპანიის თანამფლობელია. ურალის სამთო-მეტალურგიული სააქციო საზოგადოების დირექტორთა საბჭოს ყოფილი წევრი.

ისკანდერ მახმუდოვი რუსული Forbes-ის სიის კიდევ ერთი მონაწილე და ურალის სამთო-მეტალურგიული კომპანიის პრეზიდენტია. 

2015 წელს ბოკარევისა და მახმუდოვის კონტროლირებადი სტრუქტურები რუსეთის სახელმწიფო შესყიდვის ლიდერები გახდნენ და ამ პოზიციაზე პირველად ჩაანაცვლეს ვლადიმირ პუტინის ბავშვობის მეგობრების, ძმები როტენბერგების კომპანია. 

მახმუდოვისა და ბოკარევის კონტროლქვეშაა რამდენიმე უმსხვილესი მეტალურგიული და ნედლეულის მომპოვებელი კომპანია. ყველაზე ვრცლად მათი ინტერესები რკინიგზის სფეროში ვლინდება. 

გარდა ამისა, ბოკარევი და მახმუდოვი ესპანეთში რუსული მაფიის საქმეზე გამოძიების ფარგლებში დასახელებული არიან ტამბოვის ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერის პარტნიორებად. 

სანქციები დაუწესდა ანდრეი ბოკარევის ცოლს და ისკანდერ მახმუდოვის ვაჟს, რომელიც 7 მილიარდი დოლარით, ასევე რუსული Forbes-ის რეიტინგის მონაწილეა. 

შეიარაღების კონცერნის დირექტორი - ალექსანდრ კოჩკინი

ალექსანდრ ვიქტოროვიჩ კოჩკინი Ростех-ის საკუთრებაში არსებული სააქციო საზოგადოება Техмаш-ის, აღმასრულებელი დირექტორია. 

Техмаш-ის მთავარი საქმიანობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის ზალპური რეაქტიული ცეცხლის სისტემების წარმოებაა. საუბარია როგორც სახმელეთო, ასევე, საჰაერო და საზღვაო ბაზირების სისტემებზე, საინჟინრო ასაფეთქებელზე, საავიაციო ბომბებზე, ახლო ბრძოლის შეიარაღებასა და ასაფეთქებელ მოწყობილობებზე. 

Техмаш აწარმოებს ისეთ სისტემებს როგორიცაა Ураган და Смерч - რეაქციული ცეცხლის დანადგარები. სწორედ ეს საწარმო ამზადებს თერმობარული ცეცხლის სისტემებს Солнцепек-ს და Буратино-ს. 

თავდაცვის მინისტრის მოადგილის ცოლი - ეკატერინა კრივარუჩკო

ეკატერინა კრივორუჩკო სერგეი შოიგუს მოადგილის ალექსეი კრივორუჩკოს ცოლია. 2001 წელს კრივორუჩკომ გაიმარჯვა სილამაზის კონკურსში მის მოსკოვი 2001. კრივორუჩკოს ოჯახი მჭიდროდ არის დაკავშირებული ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ერთ-ერთი შვილი აშშ-ს მოქალაქეა, ხოლო მეორეს მოქალაქეობის აღების უფლება აქვს. 

ცენტრალური აფრიკაში ვაგნერის მეთაური - ვიტალი პერფილიევი

ვიტალი ვიქტოროვიჩ პერფელიევი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. პერფილიევი ვაგნერის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა და რესპუბლიკაში მისი ძალების მეთაურია. 

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი - ოთარ ფარცხალაძე 

როგორც ზევით აღვნიშნეთ უშუალოდ ფარცხალაძის ამჟამინდელ საქმიანობაზე პრეს-რელიზშია ბევრი არაფერია ნათქვამი. უკრაინის ომის კონტექსტში ოთარ ფარცხალაძის სახელი და გვარი პირველად გასული წლის სექტემბერში უკრაინის კორუფციის აღმოფხვრის საკითხების ეროვნული სააგენტოს სიაში ამოტივტივდა. 

უკრაინულ სიაში ოთარ ფარცხლაძე მოხსენიებულია როგორც ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრი, ხოლო თავად ივანიშვილი კი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის ლობისტად. სააგენტოს ცნობით, ივანიშვილი ევტუშენკოვის დამხმარეა სანქციების გვერდის ავლის საკითხში. 

ფარცხალაძის დასანქცირებას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ უკანასკნელს უკვე 10 წელია არ აქვს შეხება სახელმწიფო სამსახურებთან. პაპუაშვილის თქმით, "შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან და საზოგადოებას ექნება ინფორმაცია იმისთვის, რომ გავერკვეთ რაზე არის საუბარი."

მსგავსი სიახლეები