იეისკში Su-34-ის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

18 ოქტომბერს, კრასნოდარის ოლქის ქალაქ იეისკში, ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსზე Su-34 ზებგერითი გამანადგურებელი-ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ამის შესახებ TASS-ს რეგიონის გუბერნატორის მოადგილემ ანა მინკოვამ განუცხადა.

მისი თქმით, 51 წლის მსხვერპლი საავადმყოფოში სხეულის 80%-ის დამწვრობით გარდაიცვალა. რამდენიმე საათით ადრე დამწვარი თვითმფრინავის ძრავის ქვეშ მე-14 მსხვერპლის ცხედარი იპოვეს.

Su-34-ის ჩამოვარდნის შედეგად სულ 28 ადამიანი დაშავდა: 25 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის ორი ორსული და ექვსი ბავშვია, სამი კი ამბულატორიულ მკურნალობას გადის. ჰოსპიტალიზებულებს შორის 22 ადამიანი საშუალო სიმძიმის მდგომარეობაშია, სამი კი მძიმე.

"დაღუპულებს შორის სამი ბავშვია", - ამის შესახებ რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსეი კუზნეცოვმა განაცხადა.

სამი ადამიანი კი სასიკვდილოდ დაშავდა სიმაღლიდან ჩამოვარდნის შედეგად. ანა მინკოვამ განაცხადა, რომ ეს ადამიანები სახლის ზედა სართულებიდან გადმოხტნენ, როგორც ჩანს, ხანძრისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს უახლესი ცნობით, ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც თვითმფრინავი "კორპუსს დაეცა" და დაცემისას "დაიმსხვრა".

"აფეთქება არ ყოფილა, სახლი დაზიანებულია, ყველაფერი ცხადია. მაგრამ ხანძარი საწვავის დაღვრამ გამოიწვია, ადამიანები დაშავდნენ", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელმა ალექსანდრ კურენკოვმა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მებრძოლი სრული საბრძოლო მასალით დაფრინავდა. თვითმხილველების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში აფეთქებების ხმა აშკარად ისმის.

ავიაკატასტროფა გუშინწინ, ღამით მოხდა. Su-34 იეისკის მახლობლად მდებარე სამხედრო აეროდრომიდან აფრინდა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სასწავლო ფრენისას თვითმფრინავის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ერთ-ერთმა პილოტმა განაცხადა.

მსგავსი სიახლეები