იერუსალიმში პოლიციელებთან შეტაკებისას 200 პალესტინელი დაშავდა

ეთნიკურ პალესტინილებსა და ისრაელელ სამართალდამცველებს შორის მომხდარი შეტაკებების დროს 200 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ იერუსალიმის წითელი ჯვრის ორგანიზაცია ავრცელებს.

სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო 208 პალესტინელმა, მათგან 88 ჰოსპიტალიზებულია, დანარჩენებს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. წითელი ჯვრის ინფორმაციით, დაშავებულების უმეტესობას რეზინის ტყვიები მოხვდა. 

შეტაკებები აღმოსავლეთ იერუსალიმის ორ რაიონში, ტაძრის გორასთან და შეიხ ჯარახში მოხდა. ისრაელის სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ ორი რაიონიდან პალესტინურ ოჯახებს ასახლებენ, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. 

დაძაბულობის ფონზე პალესტინური ავტონომიის ხელმძღვანელმა, მაჰმუდ აბასმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რიგგარეშე სხდომის ჩატარება მოითხოვა. "მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას აიღონ სრული პასუხისმგებლობა, რათა შეჩერდეს აგრესია ჩვენი ხალხისა და ჩვენი სიწმინდეების წინააღმდეგ",- ამბობს აბასი. 

2020 წლის იანვარში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ებრაულ-პალესტინური კონფლიქტის გადაჭრის გენერალური სტრატეგია წარმოადგინა, რომელსაც თავად ტრამპი საუკუნის გარიგებას უწოდებდა. გეგმის მიხედვით, იერუსალიმი კვლავ ისრაელის დედაქალაქი იქნებოდა, ხოლო პალესტინის დედაქალაქად აღმოსავლეთ იერუსალიმი გამოცხადდებოდა. 

ამავე გეგმით, იერუსალიმში მდებარე ტაძრების გორაზე, რომელზეც ისლამისა და იუდაიზმისთვის მნიშვნელოვანი სიწმინდეებია განლაგებული შენარჩუნებული იქნებოდა სტატუს-კვო. ისრაელის იურისდიქცია გავრცელდებოდა მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირზე, იუდეასა და სამარიაზე. 

გეგმის მიხედვით, პალესტინის ტერიტორია გაორმაგდებოდა, ამასთანავე აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა ორგანიზაცია ჰამასის განიარაღება და ღაზას სექტორის დელიმიტაცია. 

დოკუმენტი მოიწონეს ისრაელში, თუმცა ის მკაცრად გააკრიტიკა პალესტინურმა ადმინისტრაციამ და არაბული ქვეყნების უმეტესობამ. 

მსგავსი სიახლეები