ილონ მასკმა Starlink-ის გათიშვით 2022 წელს სევასტოპოლზე უკრაინის თავდასხმა ჩაშალა - CNN
2022 წელს ილონ მასკმა ყირიმის სანაპიროს მახლობლად Starlink-ის კომუნიკაციების გათიშვის ბრძანება ფარულად გასცა, რათა სევასტოპოლში რუსეთის საზღვაო ფლოტზე უკრაინის თავდასხმა აღეკვეთა.
ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს, რომელმაც ამერიკელი ჟურნალისტისა და მწერლის, უოლტერ აიზექსონის მიერ დაწერილი მასკის ბიოგრაფიის ნაწყვეტი მოიპოვა. წიგნი ოფიციალურად გაყიდვაში 12 სექტემბერს გამოვა.
ის ვარაუდობს, რომ 2022 წელს მასკმა ფარულად უბრძანა თავის ინჟინრებს, Starlink-ის სატელიტური საკომუნიკაციო ქსელი ყირიმის სანაპიროსთან გაეთიშათ, რათა სევასტოპოლში რუსეთის საზღვაო ფლოტზე საზღვაო დრონებით უკრაინის თავდასხმა ჩაეშალათ.
ჟურნალისტის თქმით, უკრაინული წყალქვეშა დრონები ასაფეთქებელი ნივთიერებებით, სავარაუდოდ, "მიუახლოვდნენ რუსეთის ფლოტს," მაგრამ შემდეგ "უვნებლად გაიყვანეს ნაპირზე."
აიზექსონი წერს, რომ მასკის გადაწყვეტილება რუსული შურისძიების შიშმა განაპირობა. SpaceX-ის ხელმძღვანელმა, სავარაუდოდ, რუს ოფიციალურ პირებთან ისაუბრა და ამ საუბრების შემდეგ დარწმუნებული იყო, რომ რუსეთს ასეთ სიტუაციაში ბირთვული იარაღის გამოყენება შეეძლო.
ბიოგრაფიაში ციტირებულია მილიარდერის სიტყვები, რომ სატელიტური ქსელი არ შექმნილა კონფლიქტისთვის.
"Starlink შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანებს შეეძლოთ უყურონ Netflix-ს, დაისვენონ, დაუკავშირდნენ ინტერნეტს სკოლაში და გააკეთონ მშვიდობიანი საქმეები და არა დრონებით დარტყმები." - ნათქვამია მასალაში.