ილვესი რუს ლიბერალებს: ნუ იქნებით ასეთი ნარცისები, მოინანიეთ რუსეთის დანაშაულები

ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა 22 ნოემბერს Twitter-ზე რუს ლიბერალებს 14 "PR რჩევა" მისცა.

"შეწყვიტეთ ასეთი ნარცისიზმი. ნუ ისაუბრებთ "მარშალის გეგმაზე" რუსეთისთვის, როდესაც ის ხალხი, ვინც ეს უნდა გადაიხადოს, ყოველდღიურად კითხულობს ანგარიშებს უკრაინაში ახალ სისასტიკეებზე", - მიმართა მან რუსებს.

ილვესმა აღნიშნა, რომ რუსებმა დასავლეთში მცხოვრებ ადამიანებს "ნაცისტები" არ უნდა უწოდონ.

"ჩვენ ვნახეთ საკმარისად ბევრი არასათანადო ქცევის, დევნისა და ძალადობის შემთხვევები უკრაინელი ლტოლვილი ქალების მიმრთ და 1000 წლოვან საკათედრო ტაძრებზე დახატული Z-ები, რომ ამას შევეგუოთ", - აპროტესტებს ის.

პოლიტიკოსმა ლიბერალ რუსებს ასევე მოუწოდა, ნუ იმუქრებიან "საშინელი სცენარებით, რა მოგვივა, თუ ფინანსურად არ დავეხმარებით".

"ამას ჰქვია შანტაჟი ან გამოძალვა. არავის უყვარს მისგან გამოძალვა", - აღნიშნა ილვესმა. "გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა და მოინანიეთ რუსეთის დანაშაულები. "ეს ჩვენ არ ვიყავით" არ მუშაობს, როცა ყველამ ვიცით, რომ ნომერ პირველმა ლიბერალმა ქართველებს "ვირთხები" უწოდა და ყირიმის ანექსიას ამართლებდა." (საუბარია ალექსეი ნავალნიზე, 2008 წელს მან ქართველებს "მღრღნელები" ​​უწოდა და უკრაინული ნახევარკუნძულის ოკუპაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ ყირიმი "სენდვიჩი არ არის". – რედ).

ილვესის თქმით, რუსმა ლიბერალებმა უკრაინის წინააღმდეგ ომი უნდა დაგმონ "ყოველთვის და ნებისმიერ დროს, როცა რაიმეს წერენ ან ამბობენ".

"დაგმეთ რუსეთის მიერ მეზობლებზე მრავალსაუკუნოვანი ძალადობა, იმპერიალიზმი, კოლონიზაცია და განაცხადეთ, რომ გესმით, რომ ეს ისტორია განსაკუთრებულ ვალდებულებებს აკისრებს მომავალ რუსეთს. თქვით ისევ და ისევ, სანამ თავად არ დაიჯერებთ, რომ რუსეთს, როგორც ქვეყანას, განსაკუთრებული პრეტენზიები არ აქვს." - წერს ის.

ილვესის თქმით, რუსებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი "კულტურა, რაც არ უნდა დიდი იყოს", არ ამართლებს მათ და არ ანიჭებს რაიმე განსაკუთრებულ პრივილეგიას. 

"გააცნობიერეთ, რომ თქვენი გზა ცივილიზებული ქვეყნების ოჯახში მიღებისკენ, რომელსაც სერიოზულად აღიქვამენ, გრძელი და რთული იქნება. მუდმივად გამოცდა გექენებათ, ალბათ, ყველაზე ყურადღებით დაგაკვირდებიან ისინი, ვინც ყველაზე მეტად დაჩაგრეთ. გესმოდეთ, რომ მსოფლიოში ბევრი ქვეყანაა, რომლებიც რუსეთზე დიდია და რომლებსაც არასოდეს ჩაუდენიათ ისეთი საშინელი დანაშაულები, როგორიც რუსებს აქვთ მეზობლების წინააღმდეგ ჩადენილი და ისინი თქვენზე მეტ ყურადღებას და დახმარებას იმსახურებენ." - წერს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი.

მან რუსებს ასევე მოუწოდა, რომ "ნუ ტირიან, თითქოს ყველაზე მეტად ისინი დაზარალდნენ".

მსგავსი სიახლეები