ინდოეთის სახელმწიფო ნავთობის კომპანიამ უარი თქვა რუსული ნავთობის შესყიდვაზე
ინდოეთის სახელმწიფო ნავთობის კომპანიამ Indian Oil Corporation თავის ტენდერიდან ავტომატურად ჩახსნა რუსული წარმოების URALS-ის მარკის ნავთობის მონაწილეობა.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია Reuters-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, რუსული წარმოების ნავთობის გარდა ტენდერიდან ჩახსნეს კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყნნის წარმოების ნავთობის მარკებიც, მათ შორის: Das Eugene, Island, Thunder Horse.
გადაწყვეტილების ოფიციალურ მიზეზად რუსული წარმოების ნავთობის გოგირდის მაღალი შემცველობა დასახელდა. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება დროში დაემთხვა აშშ-სა და ინდოეთის პრეზიდენტების საუბარს, რომლის ფარგლებშიც ჯო ბაიდენმა თავის ინდოელ კოლეგას მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსული ნავთობის იმპორტის გაზრდისგან.
აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასევე განმარტეს, რომ მზად არიან ინდოეთს აღმოუჩინოთ საჭირო დახმარება ნავთობის მომარაგების დივერსიფიცირების საქმეში.
აღსანიშნავია, რომ რუსული ნავთობის ჯამური წილი ინდოეთის მთლიან მოხმარებაში 2%-ს არ აღემატება. მარტის ბოლოს Bloomberg წერდა რუსეთის შეთავაზებაზე ინდოეთის მიმართ, რომლის მიხედვითაც რუსეთი მზად იყო ინდოეთისთვის 20 დღის განმავლობაში მიეწოდებინა URALS-ის მარკის 15 მილიონი ბარელი ფასდაკლებულ ფასად - ბარელზე 35 დოლარში.
ამავდროულად ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო რუბლებში და SWIFT-ის რუსული ანალოგის მეშვეობით. საბოლოოდ ეს გარიგება მხარეებს შორის ვერ შედგა.
მარტის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ ინდოეთმა რუსეთისგან 3 მილიონი ბარელი ნავთობი ისევ საკმაოდ დიდი ფასდაკლებით შეიძინა. არსებული ცნობების მიხედვით, ინდოეთს რუსული ნავთობი მსოფლიო ფასზე 20-25 დოლარით ნაკლებად მიეწოდება.