იოზვიაკი: საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, მაგრამ უფრო მეტი რეკომენდაციით
საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, მაგრამ უფრო მეტი რეკომენდაციით. ამის შესახებ ბრიუსელში "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტმა, რიკარდ იოზვიაკმა "რეალპოლიტიკასთან" ინტერვიუში 17 მაისს განაცხადა.
"საქართველოზე ვფიქრობ, საბოლოოდ, იტყვიან: საქართველოს მოლდოვასა და უკრაინაზე ორი ნაბიჯით უკან ვერ დავტოვებთ. ამიტომ, იმას გავაკეთებთ, რომ პირობითად კანდიდატის სტატუსს მივცემთ, მაგრამ კიდევ უფრო მეტი რეკომენდაციით. ისინი დაადასტურებენ, რომ 12-ვე რეკომენდაცია არ შეგისრულებიათ, მაგრამ სანაცვლოდ შემდეგ ჯერზე შეიძლება 15 მიიღოთ. ერთი ნაბიჯი წინ, ერთი უკან - კი, მიიღებთ სტატუსს, მაგრამ სტატუსი იმდენს აღარ ნიშნავს. შემდეგ კი კიდევ უფრო მეტ პირობას წაგიყენებენ. ერთდროულად ყველა იგებს და ყველა აგებს. ძალიან კარგი ბრიუსელური კომპრომისია." - აღნიშნა იოზვიაკმა.
ჟურნალისტის თქმით, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსს ისიც ზრდის, რომ ევროკავშირს ქვეყნის გაუცხოვება არ სურს.
"წევრი სახელმწიფოები ევროკავშირის საბჭოში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, წესით, დეკემბერში. ისინი შეხედავენ და იტყვიან - მართალია, რომ საქართველოთი კმაყოფილები არ ვართ, ვიღაცები იტყვიან, რომ საერთოდ არა, ამით წინ ვერ წავალთ, მაგრამ ვფიქრობ, საბოლოოდ იტყვიან, იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ თბილისი ზედმეტად არ გავიუცხოვოთ, ბოლომდე კუთხეში არ უნდა გავრიყოთო." - განაცხადა იოზვიაკმა.
რიკარდ იოზვიაკთან ინტერვიუს სრულ ვერსიას "რეალპოლიტიკა" 18 მაისს, საღამოს შემოგთავაზებთ.