ირანელი დემონსტრანტები 3-დღიან მასშტაბურ გაფიცვებს აანონსებენ
ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები მიმდინარე კვირაში 3-დღიან მასშტაბურ გაფიცვების აანონსებენ და ეკონომიკის ყველა სფეროში დასაქმებულ ირანელებს ჩართულობისკენ მოუწოდებენ.
ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
მასშტაბური გაფიცვის გეგმის შესახებ ინფორმაცია ცნობილი ზნეობის პოლიციის გაუქმების შესახებ გავრცელებულ წინააღმდეგობრივ ცნობებს მოჰყვა.
თეირანში გამართულ რელიგიური კონფერენციაზე ირანის გენერალურმა პროკურორმა, მოჰამად ჯაფარ მონთაზერიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ზნეობის პოლიციას არაფერი აქვს საერთო იუსტიციის სამმართველოსთან, ხოლო ამ დანაყოფის დამფუძნებელმა სახელმწიფო უწყებამ მორალის პოლიციის გაუქმება გადაწყვიტა.
ამბავი მალევე ფართოდ გავრცელდა დასავლურ მედიაში, რომ გადაწყვეტილება ამის შესახებ მიღებულია, თუმცა ამ დრომდე ეს ცნობები ისლამური რესპუბლიკის არცერთ სახელმწიფო უწყებას ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
თავის მხრივ აღსანიშნავია ისიც, რომ ირანული კანონმდებლობის მიხედვით ზნეობის პოლიცია იუსტიციის საბჭოსგან ყოველთვის დამოუკიდებელი იყო და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ დაუდასტურებია.
თავის მხრივ ზნეობის პოლიციის გაუქმების შესახებ გავრცელებული ცნობების დადასტურების შემთხვევაშიც, კვლავ ძალაში რჩება ჰიჯაბის სავალდებულო ტარების კანონი, რომლის გაუქმების გეგმასთან დაკავშირებითაც არაფერია ცნობილი.
კონტექსტი
მოსალოდნელია, რომ მიმდინარე კვირა უკვე თითქმის 3-თვიანი საპროტესტო დემონსტრაციების პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვირა იქნება - გაფიცვის პარალელურად 7 დეკემბერს დაგეგმილია საპროტესტო მიტინგი აზადის მოედანზე, ამ დღეს ირანის დაგეგმილია ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის მიმართ სტუდენტებისადმი.
ირანში 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლები უკვე თითქმის 3 თვეა მიმდინარეობს.
საპროტესტო დემონსტრაციებზე დაიღუპა 430 მოქალაქე, უკვე დაპატიმრებულია 17 000-ზე მეტი. თავდაპირველად ქალთა გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო დემონსტრაციები ისლამური რეჟიმის დამხობის მოთხოვნებმა ჩაანაცვლა.
ირანი საპროტესტო დემონსტრაციების პროვოცირებასა და დაფინანსებაში საუდის არაბეთს და აშშ-ს ადანაშაულებს. თავის მხრივ, ეს ირანის რეჟიმის მიერ გამოცდილი მეთოდია.
ცოტა ხნის წინ ირანის მეჯლისმა, რომელსაც არ აქვს სასჯელის დაკისრების უფლება, იუსტიციის სამინისტროს მოუწოდა, საპროტესტო აქციებისთვის დაპატიმრებული 15 ათასივე მოქალაქე სიკვდილით დაესაჯა.
რაც შეეხება სამართლებრივ ვერდიქტს, ამ დროისთვის ცნობილია სასიკვდილო განაჩენის გამოტანის მხოლოდ 1 შემთხვევის შესახებ.
რა არის წარმოადგენს ზნეობის პოლიცია
ზნეობის პოლიცია ირანში ულტრა-კონსერვატორი მაჰმუდ აჰმადინეჯადის პრეზიდენტობის წლებში შეიქმნა და მისი ოფიციალური მიზანი
"მოკრძალების და ჯიჰაბის კულტურის გავრცელება იყო". ზნეობის პოლიციის პირველი დანაყოფები ირანის ქუჩებში 2006 წელს გამოჩნდა.
ჰიჯაბის ტარება ქალებისთვის სავალდებულო 1983 წელს, ისლამური რევოლუციის ლიდერის, აიათოლა ხომეინის ინიციატივით გახდა.
თავის მხრივ ზნეობის პოლიციის დანაყოფები ქუჩებში ძირითადად მწვანე ფორმაში გამოწყობილი კაცები პატრულირებდნენ, ხოლო ზნეობის პოლიციის ქალი თანამშრომლები შავი ჩადრით გამოდიოდნენ, რომელიც სრულად ფარავს ზედა ტანს.
ზნეობის პოლიციის როლი წლების განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა საკითხი ყოველთვის წინააღმდეგობრივი იყო, განსხვავებული იყო მიდგომები სხვადასხვა პრეზიდენტების მმართველობის დროს.
მაგალითად ჩაცმის წესები შესამჩნევად შეიცვალა რეფორმისტი პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის მმართველობის წლებში, როდესაც ირანის ქუჩებში ქალებს შეეძლოთ ჯინსით და მოშვებული თავსაფრით გამოსვლა.
ჰასან როუჰანის შემცვლელმა ებრაჰიმ რაისიმ მიმდინარე წლის ივლისში ჰიჯაბის სავალდებულო წესის აღსრულების გამკაცრება მოითხოვა.
მიუხედავად ამისა, ირანელი ქალები ხშირად უარს ამბობდნენ რეპრესიული კანონის ზედმიწევნით აღსრულებაზე, ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ქვეყნის დიდ ქალაქებში.