ირანი: ჰეზბოლას სრულად დავუჭერთ მხარს ისრაელის მასშტაბური თავდასხმის შემთხვევაში
ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერის მრჩეველის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ისრაელი ჰეზბოლას წინააღმდეგ მასშტაბურ იერიშს წამოიწყებს ეს რეგიონული ომის წინაპირობა გახდება, რადგანაც ირანი და "წინააღმდეგობის რკალი მთელი თავისი რესურსით მხარს დაუჭერს ჰებზოლას."
ამის შესახებ კამალ ხარაზიმ Financial Times-თან საუბარში განაცხადა.
ხარაზის თქმით, ისლამური რესპუბლიკა არ არის დაინტერესებული რეგიონული მასშტაბის ომით და მოუწოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს გამოიყენონ გავლენის ბერკეტები ისრაელზე შემდგომი ესკალაციის თავიდან ასარიდებლად.
ჟურნალისტის კითხვაზე დაუჭერს, თუ არა ირანი მხარს თავის ყველაზე გავლენიან პროქსი დაჯგუფებას ისრაელის მასშტაბური თავდასხმის შემთხვევაში ხარაზი პასუხობს - "ლიბანელი ხალხი, არაბული ქვეყნები, წინააღმდეგობის რკალი მხარს დაუჭერს ლიბანს ისრაელის წინააღმდეგ."
ხარაზის თქმით, მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაში ომში გაეხვევიან რეგიონის სხვა ქვეყნებიც, მათ შორის ირანიც - "ასეთ სიტუაციაში, ჩვენ არ გვექნება არჩეანი გარდა იმისა, რომ მხარი დავუჭიროთ ჰეზბოლას ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსით."
ალი ხამინეის მრჩეველი დასძენს, რომ რეგიონული ომი არ არის აშშ-ს ინტერესშიც.
კიდევ ერთი ირანი მაღალჩინოსანი გაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ჰეზბოლაზე მასშტაბური თავდასხმის შემთხვევაში ირანი პირდაპირ შეტევებს მიიტანს ისრაელის ტერიტორიაზე.
კამალ ხარაზის თქმით, ირანის პოზიცია არ შეიცვლება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიუხედავად.
ირანის პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში ხმათა 42%-ით რეფორმისტმა გაიმარჯვა
გასულ დღეებში ისრაელს გამანადგურებელი პასუხით დაემუქრა ირანის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.
კონტექსტი
ჰეზბოლასთან მზარდი სამხედრო ესკალაციის ფონზე 18 ივნისს ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ არმიამ უკვე დაამტკიცა საომარი მოქმედების გეგმა ლიბანში.
გარდა ამისა, მიღებულია გადაწყვეტილება ამ მონაკვეთზე მოქმედი სამხედრო დანაყოფების მზაობის დონის გაზრდის შესახებ.
ისრაელსა და ჰეზბოლას შორის სამხედრო დაპირისპირება 7 ოქტომბერს, ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ დაიწყო და პერიოდულად მწვავდება.
11 ივნისს ისრაელის საავიაციო დარტყმის შედეგად ლიბანში მოკლეს ჰეზბოლას ერთ-ერთი ელიტური დანაყოფის მეთაური ტალებ აბდულა. აბდულა 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის მიერ ლიკვიდირებული ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია ჰეზბოლადან.
საზღვარზე სროლების ინტენსივობა განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო კვირებში. ისრაელის არმიის ხელმძღვანელობაში ამბობდნენ რომ ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვარზე ვითარება კრიტიკულ წერტილს უახლოვდებოდა. ამ ფონზე ისრაელის ომის კაბინეტში სულ უფრო აქტიურად ისმის მოწოდებები ჰეზბოლას წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების აუცილებლობის შესახებ.
6 ივნისს გამოცემა Axios საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ ამერიკელი კოლეგები აფრთხილებდნენ ისრაელის მაღალჩინოსნებს, რომ ჰეზბოლასთან მცირე ან ლიმიტირებული ომის ოფცია არ იყო რეალისტური და რომ დაპირისპირებაში ირანის პირდაპირი ჩართვააა მოსალოდნელი.
ამერიკელთა აზრით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისრაელი ლიბანის ტერიტორიაზე მხოლოდ მოსაზღვრე ტერიტორიებზე დაიწყებს სახმელეთო ოპერაციას კონფლიქტის გაფართოების მაღალი რისკი არსებობს. ამავე წყაროების ცნობით, არსებობს რისკი, რომ საომარი მოქმედებების ლიბანის ტერიტორიაზე გადმოტანის შემთხვევაში ქვეყანაში ირანის მიერ კონტროლირებადი დაჯგუფებების ათასობით მებრძოლი ჩავა, სირიიდან, იემენიდან, ერაყიდან.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელის არმიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზღვრის მონაკვეთიდან ჰეზბოლას დანაყოფების 10-15 კილომეტრით დაშორებაა. საუბარია მდინარე ლიტანის გადაღმა ტერიტორიაზე.
ლიბანის მოსაზღვრე ტერიტორიებზე ისრაელი მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია ჰამასის თავდასხმიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა. ამ დრომდე ევაკუაციაში რჩება 60 ათასამდე მოქალაქე.
ბოლო კვირებში გაიზარდა ჰეზბოლას მხრიდან განხორციელებული დრონების წარმატებული თავდასხმების რიცხვი. მზარდ პრობლემას წარმოადგენს დაჯგუფების მიერ ნასროლი ბურქანის ტიპის რაკეტები, რომლებიც აზიანებენ ისრაელის სამხედრო ბაზებს.