ირანი თალიბანის "კანონიერ ხელისუფლებად" აღიარებას არ აპირებს
თეირანი თალიბანის ავღანეთის "კანონიერ ხელისუფლებად" აღიარებას არ აპირებს, აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
განცხადება კვირას თალიბანის და ირანის დელეგაციებს შორის შეხვედრას მოჰყვა. აღნიშნული შეხვედრა პირველი იყო მას შემდეგ, რაც შარშან ტერორისტულმა ორგანიზაციამ ხელში აიღო ავღანეთში მართვის სადავეები.
თეირანი აცხადებს, რომ თალიბანს „კანონიერ ხელისუფლებად“ მაშინ აღიარებს, თუ დაჯგუფება „ინკლუზიური“ მთავრობის შექმნას შეძლებს.
თალიბანსა და ირანს შორის ურთიერთობა გასული წლის დეკემბერში, ჰირმანდის სასაზღვრო რეგიონში შეტაკების შემდეგ დაიძაბა. ინციდენტს მოგვიანებით ორივე მხარემ „გაუგებრობა“ უწოდა.
თეირანი ავღანეთის შიიტური უმცირესობის - ჰაზარების - მფარველად მიიჩნევა, რომლებსაც თალიბანის პირველი მმართველობის (1996-2001) დროს შევიწროებას განიცდიდნენ.