ირანის მასშტაბური საჰაერო თავდასხმა ისრაელზე - რა უნდა ვიცოდეთ

გასული ღამით ირანმა ისრაელის წინააღმდეგ მასშტაბური საჰაერო შეტევა მიიტანა - თავდასხმა წარმოადგენდა პასუხის ისრაელის მიერ 1 აპრილს დამასკოში ირანის საკონსულოს შენობის დაბომბვაზე, რომელსაც ისლამური რევოლუციის მაღალი რანგის გენერალი და კიდევ რამდენიმე ოფიცერი ემსხვერპლა. 

New York Times ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კომბინირებულ იერიშში 185 Shaheed-ის ტიპის დრონით, 30 ფრთოსანი და 110 ბალისტიკური რაკეტით მიმდინარეობდა. 

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცე ვერცერთმა დრონმა ვერ გადაკვეთა და მათი უმეტესობა ისრაელის მოკავშირე (აშშ) და მეზობელმა (იორდანია) ძალებმა ჩამოაგდეს. 

IDF-ს პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარის თქმით, ისრაელის საჰაერო სივრცე ვერ გადაკვეთა ირანის მიერ ნასროლმა ფრთოსანმა რაკეტებმაც და მათი განეიტრალება საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მახლობელ ტერიტორიებზე მოახერხეს. 

ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეაღწია რამდენიმე ბალისტიკურმა რაკეტამ, მათ შორის ერთ-ერთი ნეგევის უდაბნოში მდებარე ნევათიმის საჰაერო ბაზის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, თუმცა ობიექტს მნიშვნელოვანი დაზიანებები არ მიუღია. 

ცნობილია მხოლოდ 1 დაზარალებულის შესახებ - 10 წლის გოგონა არადის ბედუინური რაიონიდან. 

ირანის გარდა ისრაელის მიმართულებით დრონები და რაკეტები გაუშვეს სირიის, ლიბანის, იემენისა და ერაყის ტერიტორიიდანაც. ჯამურად იერიში 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ისრაელის მთავრობამ უკვე გააუქმა თავდაპირველად დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი. 

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში იერიშს წარმატებული უწოდეს, ამავე უწყების ორგანიზებით ირანის მსხვილ ქალაქებში საზეიმო მიტინგები გაიმართა. 

გაეროში ირანის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ ისლამური რესპუბლიკა აღარ აპირებს განმეორებითი დარტყმების განხორციელებას და აფრთხილებს ისრაელს საპასუხო ზომებთან დაკავშირებული რისკების შესახებ. უწყებამ, ასევე გააფრთხილა ამერიკის შეერთებული შტატები არ ჩაერიოს მიმდინარე მოვლენებში. 

საგანგებო მიმართვაში ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ძალები აქტიურად მონაწილეობდნენ იერიშის მოგერიებაში. აშშ-ს პრეზიდენტმა დაანონსა დიდი შვიდეულის ლიდერთა საგანგებო შეხვედრაც, რომელიც სწორედ ირანის მიერ ინიცირებულ შეტევას მიეძღვნება. 

იმავე New York Times-ის ცნობით, ისრაელის საპასუხო ზომები კოორდინირებული იქნება დასავლელ მოკავშირეებთან. ამავე წყაროს ცნობით, ბაიდენმა ბიბი ნეთანიაჰუს აცნობა, რომ ამერიკული ძალები არ ჩაერთვებიან არანაირ სახმელეთო იერიშში ირანის წინააღმდეგ. 

ირანის საჰაერო იერიშს თავშეკავებული განცხადებით გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - უწყებას არ დაუგმია თავდასხმა და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა. 

 

მსგავსი სიახლეები