ირანის პრეზიდენტის მრჩეველი აფეთქებებში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებს

ირანის პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა ისრაელი და შეერთებული შტატები დაადანაშაულა აფეთქებებში, რომლის შედეგადაც 103 ადამიანი დაიღუპა.

"ვაშინგტონი ამბობს, რომ აშშ-სა და ისრაელს არანაირი როლი არ ჰქონიათ ქერმანში ტერორისტულ თავდასხმაში. მართლა? მელამ საკუთარი კუდი დაიმოწმაო," - თქვა ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის მრჩეველმა მოჰამად ჯამშიდიმ.

"არ დაუშვათ შეცდომა. ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა ეკისრება აშშ-სა და სიონისტურ რეჟიმს," - განაცხადა მან ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე.

გუშინ ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ გენერალ ყასემ სოლეიმანის საფლავთან მომხდარი აფეთქებები, ჰგავს ისლამური სახელმწიფოს ქმედებებს და "ეს არის ჩვენი ვარაუდი ამ მომენტისთვის."

გუშინ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის საფლავთან ორი აფეთქება მოხდა, რასაც 103 ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

სოლეიმანი 2020 წელს ამერიკული დრონის თავდასხმის შედეგად მოკლეს.

მსგავსი სიახლეები