ირანის რეჟიმმა 8-9 იანვარს 36 ათასზე მეტი ადამიანი მოკლა - Iran International

ოპოზიციასთან დაკავშირებულმა ირანულმა გამოცემა Iran International-მა კვირას განაცხადა, რომ იანვრის დასაწყისში მიმდინარე საპროტესტო აქციების პიკზე რეჟიმმა 36 ათასზე მეტი ადამიანი მოკლა.  

ვითარების არსი: ირანული ოპოზიციური გამოცემის თქმით, 8-9 იანვრის სასტიკი რეპრესიების მსხვერპლთა რაოდენობის შეფასება ეფუძნება მათ მიერ შეგროვებულ ვრცელ მონაცემებს: "საიდუმლო დოკუმენტებს, საველე ანგარიშებს, სამედიცინო პერსონალის, მოწმეებისა და მსხვერპლთა ოჯახების მონათხრობებს."

  • მათივე განცხადებით, ამ მასშტაბის მსხვერპლით, ეს არის "ორდღიან პერიოდში, ქუჩის პროტესტის დროს მშვიდობიანი მოქალაქეების ყველაზე სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა ისტორიაში."
  • გამოცემის თანახმად, მკვლელობების უმეტესობა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა და მასთან დაკავშირებულმა დაჯგუფება, "ბასიჯმა" ჩაიდინა, თუმცა ხალხს ასევე ერაყიდან და სირიიდან ჩამოყვანილი დაჯგუფებებიც ხოცავდნენ.
  • ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს წყაროებმა, ანონიმურობის პირობით, Iran International-ს განუცხადეს, რომ პროვინციული უსაფრთხოების საბჭოების მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 30 ათასს აჭარბებს.

ჩაშლილად: Iran International ასევე აღნიშნავს, რომ გაეცნო მოხსენებას, რომელიც 21 იანვარს ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტს წარედგინა, სადაც დაღუპულთა რაოდენობად 27 500-ზე მეტია დასახელებული.

  • გარდა ამისა, ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ორმა წყარომ გამოცემას აცნობა, რომ გასულ კვირას "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" შეადგინა ორი ანგარიში: ერთის მიხედვით დაღუპულია 33 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო მეორის მიხედვით - 36 500-ზე მეტი.
  • დემონსტრაციების დროს მომხდარი მასობრივი მკვლელობების გარდა, გამოცემამ მოიპოვა მტკიცებულებები (მათ შორის ფოტოები), რომ უსაფრთხოების ძალებმა ზოგიერთი ადამიანი პირდაპირ საავადმყოფოებში დახოცეს.

დიდი სურათი: ჟურნალმა Time-მა კვირას გამოქვეყნებულ სტატიაში, ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, ასევე აღნიშნა, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა 30 ათასს აჭარბებდეს.

  • გამოცემას არ შეეძლო ციფრების დამოუკიდებლად გადამოწმება, თუმცა 30 ათასიანი მსხვერპლი ემთხვევა ექიმებისა და შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების მონათხრობებს.
  • მათი თქმით, ქვეყანაში სასწრაფო დახმარების მანქანების ნაცვლად 18-ბორბლიანი სატვირთო მანქანები გამოიყენებოდა და ცხედრებისთვის განკუთვნილი ტომრებიც კი აღარ ჰყოფნიდათ.
  • ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაყაიმ, Time-ის სტატიას "ჰიტლერის სტილის დიდი ტყუილი" უწოდა.

კონტექსტი: ამავდროულად, The New York Times წერს, რომ ირანის უზენაესმა ლიდერმა, ალი ხამენეიმ, 9 იანვარს უსაფრთხოების ძალებს უბრძანა, "ნებისმიერი საჭირო საშუალებით ჩაეხშოთ" მასობრივი დემონსტრაციები.

  • წყაროების თანახმად, რეპრესიულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება: "ესროლეთ მოსაკლავად და არ გამოიჩინოთ მოწყალება."
  • 8 და 9 იანვარი დასახელდა იმ დღეებად, როდესაც რეჟიმმა მომიტინგეთა მასობრივი ხოცვა მოაწყო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. 8 იანვარს ირანმა ინტერნეტი გათიშა, რომელიც სრულად ამ დრომდე არ აღდგენილა. 
  • ამ დროისთვის ირანის მთავრობა მხოლოდ 3 117 ადამიანის დაღუპვას აღიარებს. პროტესტი 28 დეკემბერს ქვეყნის ვალუტის, რიალის კოლაფსმა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები