ირანი აცხადებს, რომ 1650 კმ-ზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა შექმნა

ირანმა გამოაცხადა, რომ 1.5 ათას კილომეტრზე შორს მოქმედი ბალისტიკური რაკეტა შექმნა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ 24 თებერვალს ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის საჰაერო კოსმოსური ძალების ხელმძღვანელმა ამირალი ჰაჯიზადემ განაცხადა.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა რაკეტა Paveh-ის ვიდეო და ამტკიცებდა, რომ ეს იყო ახალი იარაღის პირველი კადრები. ჰაჯიზადემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "1650 კმ-ზე მოქმედმა ფრთოსანმა რაკეტამ შეავსო ირანის ისლამური რესპუბლიკის სარაკეტო არსენალი."

მან ასევე თქვა, რომ ახალი იარაღის სამიზნე უნდა იყვნენ ის ამერიკელი პოლიტიკოსები, რომლებიც 2020 წელს ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაურის, გენერალ-მაიორი ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ.

სოლეიმანი 2020 წელს ბაღდადში, ამერიკული თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. საპასუხოდ, თეირანმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა ერაყში ორ ობიექტზე, სადაც ამერიკელი სამხედროები იმყოფებოდნენ. ირანის ლიდერები ხშირად დებენ საჯაროდ პირობას, რომ შურს იძიებენ სოლეიმანისთვის.

Reuters აღნიშნავს, რომ პენტაგონი სკეპტიკურად უყურებს ირანის განცხადებებს ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტის შექმნის შესახებ. მაგრამ თეირანის მიერ რუსეთისთვის ამ ტიპის იარაღის მიწოდებამ შეიძლება "დასავლეთის შეშფოთება" გამოიწვიოს.

მსგავსი სიახლეები