ირანმა განაცხადა, რომ 22 ათასზე მეტი ანტისამთავრობო დემონსტრანტი შეიწყალა

ირანის სასამართლოს ხელმძღვანელმა ორშაბათს განაცხადა, რომ ხელისუფლებამ 22 000-ზე მეტი ადამიანი შეიწყალა, რომლებიც ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA წერს.

გოლამჰოსეინ მოჰსენი ეჯეიმ აღნიშნა, რომ სულ 82 656 პატიმარი შეიწყალეს, მათგან 22 628 კი 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო დაწყებული მასობრივი დემონსტრაციების დროს იყო დაკავებული.

ამინი გასული წლის სექტემბერში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ირანის მორალურმა პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა. მის სიკვდილს მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ხელისუფლებამ ძალადობრივად ჩაახშო.

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, წინა თვეში აღიარა, რომ ირანის ხელისუფლებამ "ათიათასობით" მომიტინგე დააკავა.

უფლებადამცველების თქმით, ირანში დემონსტრაციებზე 19 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და სულ მცირე 530 დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები