ირანმა უკრაინისგან მტკიცებულება მოითხოვა, რომ რუსეთი ირანულ დრონებს იყენებს

ირანი აღიარებს რუსეთთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობას, მაგრამ უარყოფს რუსეთისთვის კამიკაძე დრონების გადაცემას. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზშია ნათქვამი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ-ამირ აბდოლაჰიანისა და ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრების გორდან გრლიჩ-რადმანისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელის საუბრის შესახებ გამოქვეყნდა.

ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბრისას აბდოლაჰიანმა თქვა, რომ თეირანი უკრაინას მოსთხოვს "მიაწოდოს დოკუმენტი", რომელიც დაადასტურებს რუსეთის მიერ ირანული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას.

"ჩვენი ქვეყნის დიპლომატიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ მრავალი წელია ვთანამშრომლობთ რუსეთთან თავდაცვის სფეროში, მაგრამ ჩვენ არ ვუჭერდით მხარს უკრაინის წინააღმდეგ ომს და არ გადაგვიცია რუსეთისთვის ირანული იარაღი უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად", - ნათქვამია განცხადებაში.

ჟოზეპ ბორელთან, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აბდოლაჰიანმა დრონების შესახებაც ისაუბრა.

მან ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელს განუცხადა, რომ თეირანის პოლიტიკა "უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაა და არა კონფლიქტის მხარეებისთვის იარაღის გაგზავნა".

"ირანის ისლამური რესპუბლიკა ცდილობს უკრაინაში კონფლიქტი დიპლომატიური გზით შეაჩეროს და ჩვენ ვურჩევთ ევროპელებს ამ საკითხს რეალისტურად შეხედონ. ჩვენ ომის წინააღმდეგი ვართ და უკრაინასთან ომში რუსეთისთვის დრონების მიწოდების კატეგორიული წინააღმდეგი ვართ", - ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე.

მათ ასევე განიხილეს ირანის წინააღმდეგ სანქციები - ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბორელმა და აბდოლაჰიანმა "გაიცვალეს აზრები", მათ შორის სანქციების გაუქმების შესახებ მოლაპარაკებებზე.

მსგავსი სიახლეები