ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციების სამი მონაწილე სიკვდილით დასაჯეს

ირანის ხელისუფლებამ ანტისამთავრობო დემონსტრაციების სამ მონაწილეს სიკვდილით დასაჯა მიუსაჯა. ამის შესახებ BBC წერს.

ისინი სამართალდამცავებზე შეიარაღებული თავდასხმისთვის გაასამართლეს, რომლის დროსაც ისპაჰანში უსაფრთხოების სამსახურის სამი თანამშრომელი დაიღუპა.

Amnesty International აცხადებს, რომ ბრალდებულები სასამართლო სხდომამდე აწამეს.

დეკემბრის შემდეგ კიდევ ოთხი მომიტინგე ჩამოახრჩვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ რამდენიმე ათეულ ადამიანს სიკვდილით დასჯა მიესაჯა.

პარასკევს სიკვდილით დასჯილები, 30 წლის მაჯიდ კაზემი, 36 წლის სალეჰ მირჰაშემი და 37 წლის საიდ იაკუბი 16 ნოემბერს, ისპაჰანში საპროტესტო აქციის შემდეგ დააკავეს, რომლის დროსაც "ბასიჯის" გასამხედროებული ფორმირების ორი წევრი და პოლიციის ოფიცერი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

წყაროებმა Amnesty International-ს განუცხადეს, რომ მამაკაცები გაიტაცეს, შემდეგ აწამეს და აიძულეს, ერთმანეთი დაედანაშაულებინათ, რაც საფუძვლად დაედო მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს.

ირანში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 წლის მაჰსა ამინი დაპატიმრების დროს დაიღუპა. ის თეირანში მორალურმა პოლიციამ ჰიჯაბის "არასწორად" ტარების გამო დააკავა.

მსგავსი სიახლეები