ირანში ჯაშუშობაში ბრალდებულ ფრანგს რვა წელი მიუსაჯეს

 

25 იანვარს ირანულმა სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ საფრანგეთის მოქალაქეს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

36 წლის ბენჟამენ ბრიერი ირანელმა სამართალდამცავებმა 2020 წლის 20 მაისს თურქმენეთ-ირანის საზღვართან ახლოს დააკავეს.

ირანული უშიშროების სამსახურის თანახმად, მან სასაზღვრო გაუდაბნოებული ზონის ფოტოგრაფირება სცადა.

ბრიერი, რომელიც ამჟამად ჩრდილოირანული ქალაქ მაშჰადის ციხეში იმყოფება, 25 დეკემბრის შემდეგ შიმშილობს.

ფრანგი მსჯავრდებულის ადვოკატმა სასამართლო პროცესს „მასკარადი უწოდა“. ადვოკატის თქმით, მას საბრალდებო დასკვნის გაცნობის უფლებაც კი არ მისცეს.

ბრიერი ერთ-ერთია დასავლეთის ქვეყნების იმ ათეულობით მოქალაქიდან, ვინც ჯაშუშობის ბრალდებით ირანში სასჯელს იხდის.

უფლებადამცველი ორგანიზაციები ირანს - განსაკუთრებით კი გავლენიან ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს (IRGC) – „მძევლების“ დიპლომატიაში ადანაშაულებენ.

დაკავებული პირების განთავისუფლება ხშირად გამხდარა დასავლურ ქვეყნებთან ვაჭრობის საგანი.

მსგავსი სიახლეები