ირკუტსკში მობილიზებული სამხედროების პოლკი თითქმის მთლიანად განადგურდა

ირკუტსკის ოლქიდან მობილიზებულთა უმეტესობა, რომლებმაც სამჯერ მიმართეს დახმარებისთვის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, გარდაიცვალა. ამის შესახებ 3 მარტს, გამოცემა Сибирь.Реалии ("რადიო თავისუფლების" პროექტი) ორი მებრძოლის ახლობლებზე დაყრდნობით წერს.

მიღებული ინფორმაციის თანახმად, 28 თებერვლიდან 1 მარტამდე, პოლკის 1439 მებრძოლი დონეცკის მახლობლად მდებარე ავდიივკის გამაგრებულ ტერიტორიაზე შტურმზე გაგზავნეს. პრაქტიკულად მთელი პოლკი განადგურებულია - რამდენიმე ადამიანი დაშავდა, დანარჩენები დაიღუპნენ, მაგრამ უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან. 

"ჩემებმა უკან დარეკეს - დაჭრილები, საავადმყოფოში არიან. ამბობენ, რომ პოლკიდან არაფერი დარჩა. ჯერჯერობით მხოლოდ ორი დაჭრილია ცნობილი, დანარჩენები ან დაიღუპა, ან მძიმე მდგომარეობაში მიატოვეს. მას მხოლოდ ერთი კვირა მისცეს! მერე ისევ ფრონტზე გააგდებენ!" - განუცხადა ჟურნალისტებს მობილიზებულის მეუღლე სვეტლანამ (სახელი შეცვლილია).

სამი მიმართვა პუტინს

თებერვალში, ირკუტსკის ოლქიდან მობილიზებულმა ორი ვიდეომიმართვა ჩაწერეს რუსეთის პრეზიდენტისთვის. ისინი ჩიოდნენ, რომ სამხედრო მომზადება არ ჰქონდათ, ბევრი კი 40 წელს გადაცილებული იყო ქრონიკული დაავადებებით. სამხედროებმა განაცხადეს, რომ ისინი გადაიყვანეს ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" სარდლობაში, რომელიც მათ "დასაკლავად" აგზავნის.

ირკუტსკის ოლქის ხელმძღვანელმა იგორ კობზევმა განაცხადა, რომ აპირებს სიტუაციის შესწავლას და პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში მობილიზებულებს ახალ სამორიგეო განყოფილებაში გადაიყვანენ.

27 თებერვალს მათ მესამე მიმართვა გაუგზავნეს ვლადიმერ პუტინს ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" სლავიანსკის ბრიგადის სარდლობის ქმედებებთან დაკავშირებით. მობილიზებულები წერდნენ, რომ დაზვერვის, კავშირგაბმულობისა და საარტილერიო მხარდაჭერის არარსებობის პირობებში მათ შტურმზე აგზავნიდნენ და ბრძანების შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში დეზერტირობისთვის დევნით ემუქრებოდნენ.

ისინი ასევე აცხადებდნენ, რომ ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" სარდლობამ ბრძოლის ველიდან მხოლოდ მსუბუქი დაზიანებების მქონე ჯარისკაცები გაიყვანა. მძიმედ დაჭრილებსა და დაღუპულებს კი პოზიციებზე ტოვებენ, რადგან "ტექნიკის დაკარგვის ეშინიათ". 

1 მარტს ტელეგრამის არხმა "Люди Байкала" განაცხადა, რომ ირკუტსკის ოლქიდან მობილიზებული 1439 სამხედრო ავდიივკის გამაგრებულ პოზიციებზე შტურმზე გაგზავნეს.

მსგავსი სიახლეები