ISIS K ტერორისტების მიერ კროკუს ჰოლში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს

ისლამური სახელმწიფო ხორასანის დანაყოფის (ISIS K) მედია რესურსი AMAQ news ტერორისტების მიერ კროკუს ჰოლში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. 

ვიდეოზე ჩანს როგორ ესვრიან შენობაში მყოფ ადამიანებს თავდამსხმელები, ასევე კადრებზე აღბეჭდილია დაჭრილი ადამიანის დეკაპიტაცია. კადრებზე აღბეჭდილია 4 თავდამსხმელი, მათი ტანსაცმელი და შეიარაღება ემთხვევა მანამდე გავრცელებულ კადრებს. 

ამასთანავე, გამოქვეყნებულ ვიდეოზე მიზანმიმართულად დამალულია თავდამსხმელების სახე და შეცვლილია მათი ხმა. ვიდეო ასევე შეიცავს არაბულ სუბტიტრებს, რომლის მიხედვითაც ტერორისტები რელიგიურ ლოზუნგებს ყვირიან. 

კონტექსტი

ეს ისლამური სახელმწიფოს მიერ კროკუს ჰოლში მომხდარი ტერაქტის მეოთხე გამოქვეყნებული ვიდეოა, თუმცა საყურადღებოა, რომ ეს წინა რგოლებისგან განსხვავებით ამჯერად საუბარია ერთ-ერთი ტერორისტის მიერ გადაღებულ კადრებზე. 

აქამდე ცოტა ხნით ადრე, იმავე მედიამ გამოაქვეყნა თავდამსხმელების ფოტო. საყურადღებოა, რომ AMAQ-ის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე აღბეჭდილი 2 ადამიანის სამოსის ფერი და პრინტი ემთხვევა რუსეთის მიერ დაკავებული ეჭვმიტანილებისას. 

მოსკოვში განხორციელებული ტერაქტისთვის რუსეთში 11 ადამიანია დაკავებული, მათ შორის 4 თავდამსხმელი. რუსული წყაროების მონაცემებით, ყველა მათგანი ტაჯიკეთის მოქალაქეა. 

ტერაქტიდან რამდენიმე საათში მომხდარზე პასუხისმგებლობა ISIS K-მა საკუთარ თავზე აიღო. ამის შესახებ განცხადება ტერორისტულ ჯგუფთან დაკავშირებულ ტელეგრამ არხზე გავრცელდა. 

New York Times-ის, CNN-ისა და სხვა დასავლური მედიების ცნობით, ამერიკული დაზვერვა სარწმუნოდ მიიჩნევს ISIS K-ის განცხადებას. 

ბოლო საათებში შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 133-მდე გაიზარდა.

 

მსგავსი სიახლეები