"ისლამური ჯიჰადის" წევრი ისრაელის ციხეში 86-დღიანი შიმშილობის შემდეგ გარდაიცვალა

პალესტინური ტერორისტული ორგანიზაციის "ისლამური ჯიჰადის" ერთ-ერთი ლიდერი ისრაელის ციხეში 86-დღიანი შიმშილობის შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ The Times of Israel წერს.

სამშაბათს დილით, ქალაქ რამლეს ნიცანის ციხეში ხადერ ადნანი გარდაცვლილი იპოვეს.

ის თელ-ავივის მახლობლად, შამირის სამედიცინო ცენტრში მიიყვანეს და ჩაუტარდა აუცილებელი სამედიცინო პროცედურები, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

45 წლის ადნანი თებერვალში, მის მშობლიურ ქალაქ არაბეში, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, ჯენინის მახლობლად დააკავეს. მას ტერორისტული ჯგუფის წევრობა, ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერა და ზიზღის გაღვივება ედებოდა ბრალად.

მას ბრალი წაუყენეს და სასამართლო პროცესის დასრულებამდე პატიმრობაში იმყოფებოდა.

ადნანმა შიმშილობა დაკავებისთანავე, 5 თებერვალს დაიწყო და პატიმრობის პერიოდში სამედიცინო დახმარებაზე უარი თქვა.

მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, სამხრეთ ისრაელში, კიბუცი საადისკენ ღაზას სექტორიდან რაკეტები ისროლეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ მათ აღმოაჩინეს ღაზადან ისრაელისკენ გაშვებული სამი რაკეტა, რომლებიც ღია ადგილებში ჩამოვარდნენ.  

პალესტინის ხელისუფლებამ ადნანის სიკვდილზე გამოძიების ჩატარება მოითხოვა.

ადნანი ისრაელის ციხეში მეათეჯერ იჯდა.

ტერორისტი დიდი ხანია დაჯგუფების სპიკერია, ის ბოლო წლებში რამდენჯერმე დააკავეს.

მან წარსულში რამდენჯერმე გამოაცხადა შიმშილობა მისი დაკავების გამო, მათ შორის 2018 წელს. მაშინ ის გაასამართლეს ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული ჯგუფის აქტიური წევრობისთვის.

2012 წელს მან სასამართლოს გარეშე, ადმინისტრაციული პატიმრობით დაკავების გასაპროტესტებლად 66 დღით იშიმშილა.

2015 წელს, მორიგი დაპატიმრების შემდეგ მან  50 დღეზე მეტხანს იშიმშილა.

მსგავსი სიახლეები