ისრაელის დარტყმის შიშით, "ჰეზბოლას" ბეირუთიდან მაღალჩინოსნები გაჰყავს - არაბული მედია
"ჰეზბოლამ" ბეირუთის სამხრეთიდან მაღალჩინოსნების ევაკუაცია დაიწყო, რადგან ისრაელის დარტყმას ელის. ამ ინფორმაციას არაბული მედია ავრცელებს.
ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებამ ასევე გაიყვანა სამხედრო ტექნიკა, რომელიც მას ლიბანის დედაქალაქიდან უფრო შორს ჰქონდა დისლოცირებული.
"ჰეზბოლა" ისრაელთან კონფლიქტის ესკალაციისთვის ემზადება. რამდენიმე დღის წინ ისრაელმა "ჰეზბოლას" ლიდერის მრჩეველი, მისი სამხედრო ლიდერი ფუად შუკრი მოკლა, ხოლო მოგვიანებით თეირანში "ჰამასის" ლიდერი ისმაილ ჰანიე ემსხვერპლა დაბომბვას.
ირანისა და "ჰამასის" ლიდერებმა პირობა დადეს, რომ შურს იძიებენ ჰანიეს მკვლელობისთვის, ხუთშაბათს და პარასკევს თეირანსა და დოჰაში დაკრძალვის ცერემონიების დროს. "ჰეზბოლას" ლიდერმა ჰასან ნასრალამ თქვა, რომ ისრაელის წინააღმდეგ ომი "ახალ ფაზაში" შევიდა და ისრაელი "ბრაზს და შურისძიებას" უნდა ელოდოს.
"ალ-ჰადათის" ცნობით, აშშ-ის დაზვერვას ბოლო დღეებში არ აღმოუჩენია ირანული ძალების ან აღჭურვილობის რაიმე მნიშვნელოვანი გადაადგილება და ამ დროისთვის არ არსებობს იმის ნიშნები, რომ ქვეყანა ისრაელზე დარტყმისთვის ემზადება.
აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა "ალ-ჰადათს" განუცხადა, რომ ვაშინგტონის შეფასებით "თეირანს დრო დასჭირდება გადაწყვიტოს რა ტიპის რეაგირება მოახდინოს, ხოლო პასუხის მომზადებას დრო დასჭირდება."
ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ირანს არ სურს ისრაელთან ომი და, შესაბამისად, სავარაუდოდ, თავდასხმა არ იქნება ფართომასშტაბიანი.
"მაგრამ, საქმე გვაქვს ახლო აღმოსავლეთთან და ყველაფერი შეიძლება მოხდეს." - თქვა მან.
Ynet-ის ცნობით, ისრაელში მთავრობის წევრებს სატელიტური ტელეფონები გადაეცათ შესაძლო თავდასხმისთვის მოსამზადებლად. სატელიტური ტელეფონების გადაცემის მიზეზი ირანის, "ჰეზბოლას", ან ორივეს საპასუხო შეტევაა, რომელმაც შეიძლება გაანადგუროს სატელეფონო ხაზები და მობილური სერვისი.