ისრაელის გენშტაბის უფროსი: ჰამასის წევრებმა ჩათვალონ, რომ მკვდრები არიან

ისრაელსა და პალესტინურ ტერორისტულ დაჯგუფებებს შორის ომის დაწყების შემდეგ, თავის პირველ საჯარო განცხადებაში, ისრაელის გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-ლეიტენანტი ჰერცი ჰალევი წარუმატებლობას აღიარებს, რამაც ხელი შეუწყო ჰამასის ქვეყანაში შეღწევას და მასობრივ მკვლელობებს.

"ისრაელის თავდაცვის ძალები პასუხისმგებელია ქვეყნისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და შაბათს დილით ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩვენ ამოცანას ვერ გავუმკლავდით. ჩვენ შევისწავლით, გამოვიძიებთ, მაგრამ ახლა ომის დროა," - განაცხადა ჰალევიმ სამხრეთ ისრაელში.

მისი თქმით, ისრაელი ყველაფერს გააკეთებს, რომ ჰამასის მიერ აყვანილი მძევლები დააბრუნოს.

"ხუთი დღე გავიდა მკვლელობების, სასტიკი და მოულოდნელი ინციდენტის შემდეგ. ჰამასის მკვლელი ტერორისტების, ცხოველების მიერ ჩვენი შვილების, ცოლების და ჩვენი ხალხის ხოცვა-ჟლეტა არის ცხოველური და არაადამიანური. ისრაელის თავდაცვის ძალები ებრძვის დაუნდობელ ტერორისტებს, რომლებმაც ჩაიდინეს წარმოუდგენელი ქმედებები. ეს საშინელი თავდასხმა იაჰია სინვარმა, ღაზას სექტორის მმართველმა გადაწყვიტა, ამიტომ მან და მის ქვეშ მყოფმა მთელმა სისტემამ ჩათვალონ, რომ მკვდრები არიან. ჩვენ მათ შევუტევთ, დავანგრევთ, დავანგრევთ მათ სისტემას," - აღნიშნა მან.

ჰალევის თქმით, დადგება დრო, როცა ჩატარდება გამოძიება, თუ როგორ მოახერხა ჰამასმა წარმატებული თავდასხმა.

ღაზას სექტორში ტერორისტული დაჯგუფების მიერ დატყვევებულ 200 ისრაელელზე და უცხოელზე, ჰალევიმ აღნიშნა: "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მძევლები სახლში დაბრუნდნენ."

"ჩვენ ვკლავთ ბევრ ტერორისტს, ბევრ მეთაურს, ვანადგურებთ ტერორისტულ ინფრასტრუქტურას, რომელიც მხარს უჭერდა ამ საშინელ, სასტიკ დანაშაულს." - განაცხადა გენერალმა.

მსგავსი სიახლეები