ისრაელის მოქალაქეების 49% პრემიერად ბენი განცს ისურვებდა, 28% - ნეთანიაჰუს - კვლევა

ისრაელის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საჯაროდ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ წარუმატებლობაზე, რამაც 7 ოქტომბრის ჰამასის ტერორისტული თავდასხმა გამოიწვია.

ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-ლეიტენანტმა ჰერცი ჰალევიმ და შინ ბეტის უფროსმა რონენ ბარმა საჯაროდ უკვე გააკეთეს ასეთი განცხადება, ისევე როგორც თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა და ფინანსთა მინისტრმა ბეცალელ სმოტრიჩმა.

გამოკითხვის თანახმად, ისრაელელების 80% თვლის, რომ ნეთანიაჰუმ უნდა გააკეთოს საჯარო განცხადება უსაფრთხოების სისტემის ჩავარდნაზე პასუხისმგებლობის აღების შესახებ.

ამ მოსაზრებას იზიარებს ნეთნიაჰუს პარტიის, ლიკუდის ამომრჩეველთა 69%.

საზოგადოების მხოლოდ 8% ფიქრობს, რომ მან ასეთი განცხცადება არ უნდა გააკეთოს.

კითხვაზე, ვინ არის უკეთესი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, 49%-მა პარტია ეროვნული ერთიანობის ლიდერი ბენი განცი დაასახელა და ნეთანიაჰუ - 28%-მა, სხვებს კი უჭირთ პასუხის გაცემა.

რაც შეეხება ღაზაში ომს ჰამასის წინააღმდეგ, ისრაელის მოსახლეობის 65% მხარს უჭერს სახმელეთო შეტევას, ხოლო 21% - ეწინააღმდეგება.

გარდა ამისა, ლიბანში ჰეზბოლას ტერორისტებთან მზარდი შეტაკებების ფონზე, 51% მხარს უჭერს ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას ჩრდილოეთის ფრონტზე, ხოლო 30%-ს - შეზღუდული ოპერაცია სურს.

კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, დღეს რომ არჩევნები ჩატარებულიყო, ამჟამინდელი მმართველი კოალიციის პარტიებს (ნეთანიაჰუს ლიკუდი, ორი რელიგიური პარტია და ულტრამემარჯვენე რელიგიური სიონიზმი. - რედ.) მხოლოდ 43 მანდატი აქვთ (ამჟამად მათ 64 დეპუტატი ჰყავთ. - რედ.), ხოლო ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის პარტია პირველ ადგილზეა 40 მანდატით.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა 18 და 19 ოქტომბერს Lazar Institute-მა Panel4All-თან ერთად, 510 რესპონდენტს შორის ჩაატარა. ცდომილების ზღვარი 4.3%-ია.

მსგავსი სიახლეები