ისრაელმა ოკუპირებული დასავლეთი ნაპირი ჩაკეტა - აქ 2.8 მილიონი პალესტინელია
ისრაელის არმიამ სრულად ჩაკეტა ოკუპირებული დასავლეთ ნაპირი სადაც დაახლოებით 2.8 მილიონი პალესტინელი ცხოვრობს.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ადგილობრივი მაცხოვრებლების ცნობით, ქალაქებში შესასვლელი გზები სრულად ჩაკეტილია ბარიკადებით, ცემენტის ბარიერებით და მიწაყრილებით.
ისრაელის არმიამ აღმართა ახალი საკონტროლო პუნქტები, სხვადასხვა დასახლებებში ფიქსირდება რიგები საწვავის სადგურებთან, შეინიშნება სურსათის დეფიციტიც.
"ეს არის ისრაელის ნაცადი პოლიტიკა, რომელიც არაერთხელ გვინახავს",- ამბობს გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი პალესტინელი.
კონტექსტი
ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ ვითარება იძაბება ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზეც. ისრაელის არმიის მიერ ღაზის საავიაციო დაბომბვის შემდეგ დასავლეთ ნაპირზე მცხოვრებმა პალესტინელებმა გენერალური გაფიცვა გამოაცხადეს.
8 ოქტომბრის ღამით დაფიქსირდა შეტაკებები პალესტინელ ახალგაზრდებსა და ისრაელის პოლიციას შორის. შეტაკებების შედეგად მოკლულია 4 პალესტინელი რამალას ერთ-ერთ საკონტროლო პუნქტზე.
1 პალესტინელია მოკლული ქალაქ ჰებრონში, როდესაც ის ისრაელის არმიის პოსტს ბულდოზერით უახლოვდებოდა.