ისრაელმა სირიაში ლატაკიის პორტი დაბომბა

 

ისრაელის ავიაციამ სირიის ქალაქ ლატაკიის პორტი დაბომბა, რასაც მასშტაბური აფეთქებები და ხანძარი მოჰყვა. ეს ამ თვეში ისრაელის მეორე ავიადარტყმაა სირიაში.

წლების განმავლობაში ისრაელი ლატაკიის პორტს არ ბომბავდა, რადგან ამ ტერიტორიაზე რუსი სამხედროები არიან დისლოცირებული. 

ისრაელი მიიჩნევს, რომ ლატაკიის პორტს ირანი იყენებს შეიარაღების სირიაში შესატანად, რომელსაც მერე საკუთარ არაფორმალურ დაჯგუფებებსა და ჰეზბოლას აწვდის.

სირიის სახელმწიფო მედიასაშუალების, სანას ინფორმაციით, პორტში კონტეინერების აფეთქებამ "მასიური მატერიალური ზიანი" გამოიწვია.

ისრაელის თავდაცვის ძალებს ავიადარტყმაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს დიდი აფეთქებები და ხანძარი ლატაკიის პორტში. აფეთქებები ავიადარტყმების გარდა კონტეინერებში არსებული ირანული შეიარაღების დეტონაციამ გამოიწვია.

სირიული ტელევიზიის, ალ-იხბარიას ინფორმაციით, აფეთქებების ხმა 80 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ ტარტუსშიც ისმოდა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები