ისრაელში სასამართლო რეფორმის საწინააღმდეგო აქციებზე 500 ათასი ადამიანი გამოვიდა

11 მარტს, ისრაელის 500 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში.

ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს არის ყველაზე მასშტაბური პროტესტი ისრაელის ისტორიაში. აქციის მონაწილეთა უმეტესობა ჰაიფასა და თელ-ავივში შეიკრიბა.

საპროტესტო აქციები უკვე 10 დღეა გრძელდება.

მოქალაქეები ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს და მისი მემარჯვენე-რელიგიური სამთავრობო კოალიციის მიერ ინიცირებულ სასამართლო რეფორმას აპროტესტებენ.

აღნიშნული რეფორმით, იცვლება მოსამართლეთა შერჩევის წესი და უზენაესი სასამართლოს უფლებები იზღუდება, ქნესეთის უფლებები კი იზრდება.

ისრაელის ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ რეფორმა შეასუსტებს ხელისუფლების შტოებს შორის არსებულ ბალანსს. ოპოზიციის ლიდერმა იაირ ლაპიდმა სამხრეთის ქალაქ ბეერ-შევაში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ ქვეყანა "ისტორიაში ყველაზე დიდი კრიზისის წინაშე დგას" და რომ ნეთანიაჰუს მთავრობის ერთადერთი საზრუნავი "ისრაელის დემოკრატიის განადგურებაა."

პრემიერ-მინისტრი, თავის მხრივ, ამბობს, რომ რეფორმები იმისთვის ტარდება, რომ არ მოხდეს სასამართლოს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და რომ რეფორმას მხარი ისრაელის საზოგადოებამ ბოლო არჩევნებზე დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები