ISW: რუსეთს აღარ აქვს საკმარისი რეზერვები ლუჰანსკში იერიშის გასაძლიერებლად
რუსეთს აღარ აქვს საკმარისი რესურსები ლუჰანსკში უკვე დაწყებული იერიშის გასაძლიერებლად და სავარაუდოა, რომ ფრონტის ამ მონაკვეთზე მათი ძალები იქამდე გამოიფიტება, სანამ ხელშესახებ შედეგებს მიაღწევენ.
ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტის ყოველდღიურ მიმოხილვაშია საუბარი.
ამერიკელი სამხედრო ექსპერტები ლუჰანსკის ოლქში მოქმედი რუსული სამხედრო შენაერთის სტრუქტურას აანალიზებენ და აღნიშნავენ, რომ სვატოვო-კრემენნაიას ხაზზე რუსებს არ ჰყავთ სატანკო ნაწილები, რომლებიც ნომინალურად სწორედ ამ მონაკვეთზე უნდა იყვნენ განლაგებულნი.
ISW-ის მკვლევრები ვარაუდობენ, რომ რუსეთი განიცდის პრობლემების დაკარგული ჯავშანტექნიკის ჩანაცვლების კუთხით.
"მაღალი ალბათობით, რუსეთს რეზერვში აქვს რამდენიმე აღდგენილი მექანიზებული შენაერთი, მაგრამ ამ საკმაოდ შეზღუდული შენაერთების ლუჰანსკში გაგზავნა სერიოზულ გავლენას ვერ იქონიებს მათ მიერ დაწყებულ იერიშზე",- ნათქვამია მიმოხილვაში.
იმ შემთხვევაში თუ რუსეთი მაინც გადაწყვეტს ამ შეზღდული რეზერვების ლუჰანკსში გადასროლას, სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მათ იერიში დროებით ტემპს აკრეფს, თუმცა არათუ სტრატეგიულ, არამედ ხელშესახებ ოპერატიულ წარმატებამდე გამოიფიტება.
რუსეთის არმიაში ჯავშატექნიკის ნაკლებობაზე ამერიკელი სამხედრო ექსპერტები წერენ, რომ ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა დაახლოებით 16 სატანკო პოლკი დაკარგა. დიდი დანაკარგების გამო, კი სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი ვერ არამონტებს და აწარმოებს საკმარისი რაოდენობით ჯავშანტექნიკას.
"ჯავშანტექნიკის ნაკლებობა რუსეთის სახმელეთო ჯარებს იერიშის პოტენციალს ართმევს, პოტენციალს, რომელიც რუსეთს ფრონტის გარღვევის საშუალებას მისცემდა",- წერენ სამხედრო ექსპერტები.