ISW: სავარაუდოა, რომ რუსეთის არმია აზოვსტალს უახლოეს დღეებში დაიკავებს
აზოვსტალის ტერიტორიაზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, საწარმოს ტერიტორიაზე გამაგრებული უკრაინელი მებრძოლები კარგავენ პოზიციებს და სავარაუდოა, რომ ოკუპანტები საწარმოს მომდევნო დღეებში სრულად დაიკავებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ომის კვლევის ინსტიტუტი ავრცელებს.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ყოველდღიურ მიმოხილვაში ნათქვამია, რომ უკრაინის კონტრშეტევები ხარკოვის რაიონში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის - "რუსებს მოუწევთ გადაწყვიტონ გააძლიერონ თუ არა პოზიციები ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ან გარისკონ პოზიციებით და პოტენციურად დაკარგონ ქალაქის არტილერიული დაბომბვის საშუალება".
ამავდროულად მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით მოახერხეს ბოლო პერიოდში დაკავებული პოზიციების დაცვა რუსული შეტევებისგან.
" უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, იზიუმის მიმართულებით, ბოლო დღეებში დაწყებული კონტრშეტევებისა და რუსეთის შეტევების უკუგდების გაძლიერებით აქვთ შანსი ეს კამპანია გადააქციონ უფრო მასშტაბურ კონტრშეტევაში და დაიბრუნონ ხარკოვის ოლქის ოკუპირებული ტერიტორიები."
დოკუმენტში მოყვანილი მთავარი აქცენტები შემდეგნაირად გამოიყურება:
- რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გააგრძელეს არაეფექტური შეტევები ხარკოვის სამხრეთით, ასევე დონეცკისა და ლუჰანსკის მიმართულებით, თუმცა გასული 24 საათის განმავლობაში მათ ვერ დაიკავეს ახალი ტერიტორიები;
- უკრაინის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ რუსეთის დანაყოფებმა შეაღწიეს აზოვსტალის ტერიტორიაზე და უკრაინელი მებრძოლები კარგავენ პოზიციებს. სავარაუდოა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები მომდევნო დღეებში დაიკავებენ საწარმოს ტერიტორიას;
- ხარკოვის ირგვლივ უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევების მიზანია უკუაგდოს მტრის პოზიციები ისე, რომ ქალაქი აღარ იყოს რუსეთის არტილერიის მისაწვდომობის არეალში. ამასთანავე ეს შეტევები რუსეთს აიძულებს გადმოისროლოს ნაწილები იზიუმის მიმართულებიდან, რაც დამატებით საფრთხეს უქმნის საოკუპაციო ძალების კომუნიკაციის ხაზებს;
- გასული 24 საათის განმავლობაში რუსებმა განახორციელეს შეტევები ზაპოროჟიას რაიონში, თუმცა არ ჰქონიათ მსგავსი მცდელობები ხერსონისა და ნიკოლაევის მიმართულებით;