ISW: უკრაინა ახლად ფორმირებული ბრიგადების აღჭურვას ვერ ახერხებს
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ყოველდღიური ანგარიშის მიხედვით, უკრაინამ ცოცხალი ძალის შევსების პრობლემის გადაჭრა მოახერხა, თუმცა, ახალი ბრიგადების ფორმირებისთვის არასაკმარისი შეიარაღება და აღჭურვილობა აქვს.
გამოცემის თანახმად, უკრაინულ არმიაში პირადი შემადგენლობის დანაკლისის კუთხით ვითარება გაუმჯობესდა, რაზეც, პრეზიდენტმა ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში აღნიშნა და, ასევე, ჩასივ-იართან მებრძოლი ერთ-ერთი ბრიგადის მეთაურიც საუბრობს.
დასავლური იარაღის დროული და შესაბამისი დახმარება რჩება გადამწყვეტი ფაქტორი იმისა, თუ როდის და რა მასშტაბით შეძლებს უკრაინა ბრძოლის ველზე ინიციატივის ხელში ჩაგდებას, რაც საშუალებას მისცემს ჩაატაროს ოპერატიული მნიშვნელობის კონტრშეტევა, აღნიშნავენ გამოცემაში.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, Bloomberg-თან ინტერვიუში ახსენა, რომ ამ მომენტისთვის უკრაინის შეიარაღებულ ძალებში 14 ახალი ბრიგადა ჰყავს შეუიარაღებელი, რისი მიზეზიც, დასავლური იარაღის დაგვიანებული მიწოდებაა.
„ჩვენ გვაქვს სურვილი, მაგრამ ინსტრუმენტები ჯერ არ ჩამოსულა. ესე იგი, ჩვენ გვყავს ბრიგადები იარაღის გარეშე. ჩვენ გაჩერებული გვყავს რეზერვი, ჩვენ გაჩერებული გვყავს 14 ახალი ბრიგადა, რომლებსაც არ გააჩნიათ იარაღი. იარაღი, რომელიც უკვე დამტკიცებულია, რომელზეც ლაპარაკობდნენ, დახმარების პაკეტები მოდის, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი ნელა მოდიან“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ინტერვიუში ხაზგასმით ახსენა, რომ არ შეიძლება კონტრშეტევაზე საუბარი, რადგანაც, უკრაინამ ახლა უნდა დაიცვას ის, რაც გააჩნია.
„ჩვენ საპასუხო კონტრიერიშს წამოვიწყებთ მაშინ, როდესაც ამისთვის მზად ვიქნებით. ამისთვის მზად კი მაშინ ვიქნებით, როცა ჩამოვა იარაღი. დღეს ის არ გვაქვს“ - ამბობს ზელენსკი.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ჩასივ-იარის ერთ-ერთი გარეუბნიდან გასვლა. ფრონტის ხაზის ეს მონაკვეთი დღეის მდგომარეობით ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია. ოკუპანტების არმია რამდენიმე თვე ცდილობს ქალაქის ხელში ჩაგდებას, რისთვისაც, პრაქტიკულად, მიწასთან ასწორებს მთლიან დასახლებულ პუნქტს.