იტალიის ახალი პრემიერი ემანუელ მაკრონს შეხვდა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და იტალიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ, კვირას, რომში, პირველი არაფორმალური შეხვედრა გამართეს.
მაკრონმა, რომელიც ამჟამად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება იტალიაში, ტვიტერზე დაწერა, რომ ორმა ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ერთობლივი მუშაობა "დიალოგითა და ამბიციებით".
იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ მაკრონთან ევროპის აქტუალური საკითხები, მათ შორის, სწრაფი და საერთო პასუხების აუცილებლობა გაზრდილ ენერგეტიკულ ფასებზე, უკრაინაში მიმდინარე ომი და მიგრანტების ნაკადების მართვასთან დაკავშრებული საკითხები განიხილა.
მელონისთან შეხვედრამდე, ემანუელ მაკრონმა იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, მარიო დრაგისთან შეხვედრის ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით - "Grazie Mario".
მელონი იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრია. მან და მისმა ახალმა კაბინეტმა, ოფიციალურად ფიცი შაბათს დადო. ეს იტალიის პირველი ულტრა-მემარჯვენე მთავრობაა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
მელონის პარტიას ნეოფაშისტური ფესვები აქვს, მაგრამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ის ზომიერი იმიჯის შექმნას ცდილობდა, უარი თქვა ევროსკეპტიკურ რიტორიკაზე და პირობა დადო, რომ იტალია ევროპული და დასავლური ინსტიტუტების ცენტრში იქნებოდა.