იტალიის პრემიერი: მშვიდობა ისეთი უნდა იყოს, როგორიც უკრაინას სურს
იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი აცხადებს, რომ რუსეთთან მშვიდობის დამყარება უკრაინის პირობებით უნდა მოხდეს.
ამის შესახებ მან კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
დრაგიმ განაცხადა, რომ იტალია მხარს უჭერს უკრაინის ევროინტეგრაციას. "იტალიას სურს იხილოს უკრაინა ევროკავშირის ნაწილად. ჩვენ ცალსახად დავუჭერთ მხარს მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ევროკავშირში შემდგომ გაწევრიანებას", - აღნიშნა მან.
დღეს იტალიის პრემიერ-მინისტრი სხვა ლიდერებთან ერთად რუსი ოკიპანტებისგან გათავისუფლებულ კიევის რეგიონის ქალაქ ირპენს ეწვია. მან რუსეთის მიერ დანგრეულ ქალაქში ვიზიტის შთაბეჭდილებები ჟურნალისტებს გაუზიარა.
"დღეს ჩვენ დავინახეთ რუსული შემოჭრის საშინელი შედეგები. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს და ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან ამ ომის დანაშაულების დასაბუთებისთვის. დაბომბვის შედეგი იყო საშინელება და შიში, მაგრამ ხალხისგან იმედის გზავნილიც მივიღე. ჩვენ მოგვიწოდებენ მხარი დავუჭიროთ ამ იმედებს და დავეხმაროთ უკრაინას თავისი მომავლის აღდგენაში", - განაცხადა დრაგიმ.
"ჩვენ ნამდვილად გვინდა მშვიდობა. ჩვენ გვინდა, რომ სხვა ქალაქები არ დაზარალდნენ, მაგრამ უკრაინამ უნდა დაიცვას თავი მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ კი, ასეა თუ ისე, უკრაინის ნების გათვალისწინების გარეშე არაფერს გავაკეთებთ. მშვიდობა ისეთი უნდა იყოს, როგორიც უკრაინას სურს და ის გრძელვადიანი უნდა იყოს".