იტალიის პრემიერი: უკრაინას იარაღით დავეხმარებით
იტალიის პარლამენტმა უკრაინაში იარაღის გაგზავნის გადაწყვეტილებას თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც 17 აპრილს გამოქვეყნდა.
"იარაღის გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა თითქმის ერთხმად მიიღო. ვითარება ნათელია: ერთის მხრივ არის ხალხი, რომელსაც თავს დაესხნენ, მეორე მხრივ, აგრესორი არმია. რა არის საუკეთესო გზა დაზარალებულთა დასახმარებლად? სანქციები აუცილებელია აგრესორის დასასუსტებლად, მაგრამ არ შეუძლია ჯარების შეჩერება მოკლევადიან პერსპექტივაში. ამისათვის ჩვენ უშუალოდ უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ამის არ გაკეთების ტოლფასი იქნება მათ ვუთხრათ: 'დანებდით, მიიღეთ მონობა და მორჩილება.' ეს გზავნილი ეწინააღმდეგება სოლიდარობის ევროპულ ღირებულებებს", - აღნიშნა დრაგიმ.
მისი თქმით, იტალიას სურს, რომ უკრაინელებს საკუთარი თავის დაცვის საშუალება ჰქონდეს.
დრაგიმ აღნიშნა, რომ ისევე როგორც ბევრ სხვას, მას თავდაპირველად სჯეროდა, რომ რუსეთის სწრაფი გამარჯვება მოსალოდნელი იყო, რაც ასევე საფრთხეს შეუქმნიდა მეზობელ სახელმწიფოებს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და "არ არსებობს იმის ნიშნები, რომ უკრაინელი ხალხი მიიღებს რუსულ ოკუპაციას."
მან ბუჩაში რუსული არმიის ქმედებებს "არაადამიანური" უწოდა, მაგრამ დასძინა, რომ "ტერმინებს, როგორიცაა "გენოციდი" ან "ომის დანაშაული, ზუსტი სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს" და დროა საჭირო, რათა დადგინდეს, რომელი სიტყვები შეეფერება სიტუაციას.